მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ესაა წარმოუდგენელი საფრთხე ბიზნესისთვის... იძულებული ვიქნებით, ინვესტორებს მივაქცევინოთ ყურადღება|BLB

მაია მწარიაშვილი

იურიდიული ფირმა BLB-ის უფროსი პარტნიორის მაია მწარიაშვილის შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ახალი 355³-ე მუხლი, რომელიც მეწარმე იურიდიულ პირებს/ბიზნესს „საჯარო პოლიტიკურ აქტივობას უკრძალავს“, ბიზნესისთვის „წარმოუდგენელ და დაუბალანსებელ საფრთხეს“ წარმოადგენს.

როგორც მაია მწარიაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, ახალი შეზღუდვა წინააღმდეგობაში მოდის როგორც „მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონთან“, ისე - კონსტიტუციასთან, რომლის მე-17 მუხლი იცავს გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანაში და არ შეიძლება, ბიზნესმენები/მეწარმე სუბიექტები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

მისივე შეფასებით, ბიზნესის პოლიტიკური/საზოგადოებრივი აქტივობის კრიმინალიზაცია ინვესტიციებისთვის სამართლებრივ და პრაქტიკულ რისკებს შეიცავს, რაზედაც იურიდიულ ფირმას, საინვესტიციო ტრანზაქციებზე მუშაობისას, მოუწევს, თავის კლიენტებს ყურადღება გაამახვილებინოს.

ბიზნესის პოლიტიკური/საზოგადოებრივი აქტივობის კრიმინალიზაცია ანუ "ბიზნესის დუმილის კანონი"|ანალიზი

- იძულებულები ვიქნებით, ინვესტორებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს [ამ მუხლზე] ყურადღება მივაქცევინოთ... ნახეთ, ჩვენ უნდა მოვახდინოთ იმის იდენტიფიცირება, რომ კანონში დევს ნებისმიერი ბიზნესის ლიკვიდაციის აბსოლუტურად არაიდენტიფიცირებადი და დაუბალანსებელი საფრთხე, რომლის საპირწონე მექანიზმსაც ვერ ვხედავთ - ის უბრალოდ არ არსებობს. ვერც იმ ქმედების იდენტიფიცირებას ვახდენთ, თუ რა არ უნდა გააკეთოს ბიზნესმა... ეს მკაფიოდ გაწერილი არ არის. პირდაპირ უნდა ვთქვა: გამოდის, რომ საერთოდ არ უნდა ილაპარაკოს [ბიზნესმა]. შემდეგ უნდა შევაფასოთ: აი, ახლა ამ ტიპის გარემოში, როდესაც რომელიმე ბიზნესსტრუქტურა ფინანსური ინსტიტუტიდან დიდ სესხს იღებს, წინასწარ მოგვიწევს იმის განსაზღვრა, თუ რამდენად საზოგადოებრივად აქტიურები არიან მენეჯმენტში, სამეთვალყურეო საბჭოში, დირექტორატსა თუ სარევიზიო ჯგუფში მყოფი პირები. ეს აუცილებელია, რადგან ეს რისკი ავტომატურად ჩაებმება საერთო სურათში... ფინანსური ინსტიტუტები თანდათან გააცნობიერებენ, რომ ამ კომპანიას მუდმივად ჰკიდია ბიზნესის ლიკვიდაციისა და ქონების ჩამორთმევის საფრთხე, რაც იურიდიული პირის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივ სანქციას წარმოადგენს... ამდენად, ეს არის აბსოლუტურად ახალი, დაუბალანსებელი, წარმოუდგენელი საფრთხე ბიზნესისთვის, რომელზედაც თანდათან უნდა ვისაუბროთ, როგორც მინიმუმ მათთან, ვინც ამ ქვეყანაში ინვესტირებას გადაწყვეტს, იმიტომ, რომ ეს რისკი მათ გააზრებული უნდა ჰქონდეთ. ამის დამბალანსებელ ვერც სამართლებრივ და ვერც პრაქტიკულ მექანიზმს მე, მაგალითად, ვერ ვხედავ. რით შეიძლება შემცირდეს, ხომ?! ჩვენ ხოლმე ასეთ პროგნოზებსაც ვაკეთებთ: არსებობს სამართლებრივი რისკი, რომელიც გადაზღვეულია ამით და ამით. აი, ეს სამართლებრივი რისკი კი არაფრით არ არის გადაზღვეული. ის აბსოლუტურად დგას შერჩევით მართლმსაჯულებასა და პოლიტიკურ ლოიალობაზე, თუ ვის მიმართ როგორ იქნება გამოყენებული კანონი... მაშინ, როდესაც ბიზნესს უკრძალავ ნებისმიერ დებატს, პოზიციონირებას, შედავებას, რჩევასა თუ კრიტიკას, ბიზნესი ხდება დაუცველი ანუ მას არ აქვს თავდაცვის საშუალება. თუ ქართული ბიზნესი ამას ნორმალურ მოვლენად ჩათვლის, ეს ნიშნავს, რომ ისინი თავად ეგუებიან მდგომარეობას, რომ ბიზნესს არ გააჩნია თავდაცვის მექანიზმი. როგორ რეაგირებს ასეთ კანონებზე ცივილიზებული სამყარო? - მაგალითად, ამერიკაში დიდი ბიზნესკომპანიები ყოველთვის აკეთებენ ხმაურიან განცხადებებს პოლიტიკურ საკითხებზე, ნებისმიერ გადაწყვეტილებასა თუ კანონზე, რომელიც, ერთი შეხედვით, შეიძლება პირდაპირ მათ ბიზნესთან ასოცირდებოდეს. ამ კანონმა (რასაც მინდა ყურადღება მიაქციოთ) სრულიად ახალი ინოვაცია შემოიტანა და ბიზნესს უთხრა: როგორც კი შენ გასცდები შენი ძირითადი საქმიანობის სფეროს, მაშინვე შემოდის ეს ნორმა.

- თუ ბიზნესმენი ვარ და მხოლოდ წყალს ან პურს ვაწარმოებ, მხოლოდ წყალი და პური უნდა ვაწარმოო და ამაზე გამოვთქვა საკუთარი აზრი?

- დიახ, რაც „მეწარმეთა შესახებ“ კანონთანაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის. მინდა, დაინახოთ რუსული სამართლებრივი აზროვნების „ტრანსპლანტიც“ ამ ნორმაში. იმიტომ, რომ, როდესაც ჩვენ „მეწარმეთა შესახებ“ კანონს და სამოქალაქო კოდექსს ვწერდით, მთავარი პრინციპი იყო მეწარმეობის თავისუფლება. ეს რას ნიშნავს? - იმას, რომ ქართველი მეწარმეები და სამეწარმეო სუბიექტები საწესდებო დოკუმენტებში არ მიუთითებენ, რომ, მაგალითად, მაინცდამაინც პური უნდა გამოაცხონ, ამ პროდუქტით ივაჭრონ, სკოლა გახსნან თუ სასკოლო ფორმა შეკერონ - ამას არ უთითებენ, რადგან ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც მოგების მიღებაზეა ორიენტირებული, კანონიერია. ამ ნორმით კი, ერთ დღეს მიადგება პროკურორი ან გამომძიებელი და ეტყვის: „აი, რატომ აკეთებ ამას, რაც არ არის შენი პირდაპირი სამეწარმეო საქმიანობა?“, რასაც მას კანონი ისედაც არ სთხოვს. შესაბამისად, ვინ უნდა განსაზღვროს, რომელია მისი პირდაპირი სამეწარმეო საქმიანობა? - გამომძიებელმა და პროკურორმა. გამომძიებელს კი ჩვენს ქვეყანაში სამართლებრივი განათლებაც არ მოეთხოვება. აი, ეს მოცემულობა იქმნება ამ სამართლებრივი "ინოვაციებით".

- როგორ უნდა მოქმედებდეს თავისუფალი ბიზნესი ამ სიტუაციაში - გასაგებია, რომ აზრის გამოხატვა აუკრძალეს, მაგრამ თუ ეს გაბედეს, ხვალ უარესსაც გაბედავენ... არა?

- დიახ. თავისუფალი ბიზნესი აქტიურად უნდა პოზიციონირებდეს ნებისმიერ იმ საკითხზე, რაც მას აწუხებს, მათ შორის ამ საკანონმდებლო ცვლილებაზე...

- თუმცა შესაძლებელია, დუმილით გადარჩენაზე ზრუნავდნენ...

- ამგვარი ცვლილებები ზუსტად იმისთვისაა, რომ მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს და დომინოს პრინციპით იმოქმედოს - ფაქტია, ასეთი ტიპის საზოგადოებებზე [მსგავსი კანონები] სხვადასხვა მიზეზით მოქმედებს; მათ შორის ერთ-ერთი ისიცაა, თითქოს პოლიტიკა ჩვენი საქმე არ არის და ჩვენი საქმე სხვა რამეა. არადა, პოლიტიკა ჩვენი ყველას საქმეა, თუკი ამ ქვეყნის მოქალაქეები გვქვია. ეს ჯერ კიდევ რომის სამართალში იცოდნენ - მხოლოდ მონებს არ ჰქონდათ პოლიტიკური უფლებები. პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები ერთმანეთისგან არ იყოფა, ეს ერთი და იგივეა! და კიდევ, რაც ყველაზე მთავარია - ბიზნესის პრაგმატიზმი. თანამედროვე, ცივილიზებული საზოგადოება ყურადღებას აქცევს, თუ როგორ ბიზნესთან კოოპერირებს და რა ღირებულებების მქონეა ეს ბიზნესი. იმ ქვეყნებში მნიშვნელოვანია, ღირებულებითი თვალსაზრისით სად პოზიციონირებს ბიზნესი, რათა მომხმარებელმა გადაწყვიტოს - შეიძინოს თუ არა მისი პროდუქცია, ისარგებლოს თუ არა მისი სერვისით და ა.შ. ჩვენთანაც იყო მსგავსი ტიპის რეაქციები ზოგიერთ ბიზნესთან დაკავშირებით... დიახ, ეს არის ერთ-ერთი ის პრაგმატული არგუმენტი, რომელიც ბიზნესის იარაღია. ის, თუ სად პოზიციონირებს ბიზნესი, თანამედროვე მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები