მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესის პოლიტიკური/საზოგადოებრივი აქტივობის კრიმინალიზაცია ანუ "ბიზნესის დუმილის კანონი"|ანალიზი

მაია მწარიაშვილი

იურიდიული ფირმა BLB-ის უფროსის პარტნიორის მაია მწარიაშვილის შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ახალი 355³-ე მუხლი, რომელიც მეწარმე იურიდიული პირებს საჯარო პოლიტიკურ აქტივობას უკრძალავს, წინააღმდეგობაშია მეწარმეობისა და გამოხატვის თავისუფლებასთან. "ბიზნესს აქვს უფლება ჰქონდეს პოზიცია საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე... სისხლის სამართლის კოდექსის ახალი ცვლილებები პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ბიზნესის სტაბილურობისა და პროგნოზირებისათვის" - აცხადებს მაია მწარიაშვილმა.

ამ თემაზე BLB-ის უფროსმა პარტნიორმა BMGTV-ის გადაცემა "წერტილთან" ინტერვიუშიც ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ იურიდიული ფირმა BLB-მ და მისმა უფროსმა პარტნიორმა მაია მწარიაშვილმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ახალი 355³-ე მუხლის (მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობა) სამართლებრივი ანალიზი მოამზადა, რომელსაც BMG უცვლელად გთავაზობთ:

ბიზნესის პოლიტიკური/საზოგადოებრივი აქტივობის კრიმინალიზაცია – სამართლებრივი და პრაქტიკული რისკები ინვესტიციებისათვის

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2026 წლის 4 მარტს განხორციელებული ცვლილებებით სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდა მეწარმე იურიდიული პირის მიერ და ამ იურიდიული პირის პასუხისმგებელი პირის მიერ ამავე იურიდიული პირის სახელით ან ამ სახელის მეშვეობით (გამოყენებით) “საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული ამ იურიდიული პირის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან”.[1]

ამავე მუხლის “შენიშვნაში” მოცემულია “პოლიტიკური აქტივობის” იგივე განმარტება, რაც კანონმდებელმა შემოგვთავაზა სსკ-ის 194-ე და 3191-ე მუხლებისათვის, თუმცა ამ 2 მუხლისაგან განსხვავებით სსკ-ის 3553-ე მუხლში ხაზგასმაა “საჯარო” პოლიტიკურ აქტივობაზე და არა მხოლოდ “პოლიტიკურ აქტივობაზე”. გაურკვეველია, რითი განსხვავდება ამავე კოდექსის მითითებული 2 მუხლით განსაზღვრული “პოლიტიკური აქტივობა” ბიზნესისათვის აკრძალული “საჯარო პოლიტიკური აქტივობისაგან”, რამეთუ ყოველგვარი პოლიტიკური აქტივობა თავისი არსით საჯაროა.[2]

1. აქტივობა, რომელიც არ არის ბიზნესის ძირითადი სამეწარმეო საქმიანობა

ახალი ცვლილებით დასჯადია ბიზნესის ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობა, რაც არ არის დაკავშირებული მისი – სამეწარმეო სუბიექტის, ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან.

აღსანიშნავია, რომ მეწარმე იურიდიული პირის საქმიანობის მიზანი არასოდეს არის პოლიტიკური საქმიანობა, არამედ მეწარმე იურიდიული პირის საქმიანობა, კლასიკურად, მიმართულია მოგების მიღებისაკენ. საჯარო პოლიტიკური აქტივობა არის არა სამეწარმეო საქმიანობის სფერო, არამედ ფიზიკური და იურიდიული პირების პოლიტიკური უფლებების, საზოგადოებრივი პოზიციონირების სფერო, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში აღიარებული და დაცული სამართლებრივი სიკეთეა.

წინააღმდეგობა კონსტიტუციასა და მოქმედ კანონმდებლობასთან

საქართველოს კონსტიტუცია, სამოქალაქო კოდექსი და კანონი “მეწარმეთა შესახებ” განამტკიცებს სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლებას, რაც ნიშნავს, რომ სამეწარმეო ურთიერთობების მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. საქმიანობის თავისუფლება, სამართლებრივი დამოუკიდებლობა – ესაა, ის, რაც განასხვავებს კერძო სამართლის სუბიექტებს საჯარო სამართლის სუბიექტებისაგან. ბიზნესი თავად იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის ნებისმიერ საკითხზე და საქმიანობის სფეროს ცვლის საკუთარი მიხედულებით და ყოველგვარი ნებართვის გარეშე.

საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს მეწარმეობის თავისუფლებას.

მეწარმე სუბიექტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება იმის გამო, რომ მისი ან მისი წარმომადგენლების რომელიმე “აქტივობა” არ უკავშირდება მის “ძირითად საქმიანობას”, წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან მეწარმე სუბიექტის კერძო ავტონომიაში (რაც განმტკიცებულია კანონმდებლობით) უხეშ, რეპრესიულ ჩარევას.

გარდა აღნიშნულისა, მეწარმე სუბიექტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმგვარი საქმიანობისათვის, რაც არ არის მისი “ძირითადი საქმიანობა” ეწინააღმდეგება ასევე “მეწარმეთა შესახებ კანონს” და ამ კანონით აღიარებულ მეწარმეობის თავისუფლებას (კანონის მე-6 მუხლი), რომლის თანახმადაც მეწარმე სუბიექტი არ არის ვალდებული ზუსტად განსაზღვროს მისი საქმიანობის სფერო.

“მეწარმეთა შესახებ” კანონი არ იცნობს მეწარმე სუბიექტის “ძირითად” და “არაძირითად” საქმიანობას. კანონის თანახმად, მეწარმე სუბიექტს წესდებაში შეუძლია მხოლოდ მიუთითოს, რომ სამეწარმეო სუბიექტის დაფუძნების მიზანია, ზოგადად სამეწარმეო საქმიანობა, ყოველგვარი კონკრეტიკის, ძირითადი სამეწარმეო საქმიანობის ამორჩევის და მითითების გარეშე. შესაბამისად, მეწარმე იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ყველა საქმიანობა, რაც არ მოითხოვს ნებართვა/ლიცენზიას, კანონიერი და ამასთან, ლეგიტიმური საქმიანობაა.

გარდა აღნიშნულისა, მეწარმე სუბიექტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ისეთი საქმიანობისათვის, რაც არ არის მისი ე.წ “ძირითადი საქმიანობა” ეწინააღმდეგება ასევე სამოქალაქო კოდექსს (სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლი).

დაუშვებელია, გამომძიებელმა/პროკურორმა განუსაზღვროს ბიზნესს რა არის მისი “ძირითადი სამეწარმეო საქმიანობა” და რა საქმიანობის უფლება აქვს ან არა აქვს მას. ბიზნესს შეუძლია ცვალოს საქმიანობის სფერო ყოველგვარი თანხმობის და საწესდებო დოკუმენტების ცვლილების გარეშე (სანებართვო და სალიცენზიო საქმიანობაზე ნებართვის მოპოვება არ იგულისხმება).

მაგალითად:

  • ბანკი საუბრობს არჩევნებზე — კავშირშია ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან?
  • IT კომპანია აკრიტიკებს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკას ქვეყანაში – კავშირშია ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან?
  • რესტორანი აკეთებს განცხადებას მედიის თავისუფლებაზე ან გარემოს დაცვაზე – კავშირშია ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან?

ამდენად, სს კოდექსის შესაბამისი ნორმის რედაქციის სამართლებრივი უსწორობის გათვალისწინებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ ახალი ცვლილების შემოთავაზებული რედაქცია (სსკ-ის 3553-ე მუხლი) ბიზნესს სრულად უკრძალავს პოლიტიკურ, საზოგადოებრივ პოზიციონირებას, აქტივობას, პოლიტიკურ დისკურსში მონაწილეობას, ვინაიდან პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივობა არასოდეს არის ბიზნესის ძირითადი საქმიანობა, ამდენად, ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტის/ბიზნესის ნებისმერი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პოზიციონირება, აქტივობა ყოველთვის იქნება საქმიანობა, რომელიც მისი სამეწარმეო საქმიანობის მიღმაა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლი იცავს გამოხატვის თავისუფლებას. კერძოდ, ეს ნიშნავს პოლიტიკური მოსაზრებების თავისუფლებას, პოლიტიკური დებატების თავისუფლებას და ხელისუფლების კრიტიკის თავისუფლებას. ევროპული სასამართლოს პრაქტიკა (მაგ., გადაწყვეტილება საქმეზე – VgT Verein gegen Tierfabriken v. Switzerland, N24699/94, 28 ივნისი 2001) აღიარებს, რომ იურიდიულ პირებსაც აქვთ გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე.

2. ვინ არის ახალი დანაშაულის სუბიექტი?

დანაშაულის სუბიექტია როგორც (i) იურიდიული პირი, ისე (ii) მისი პასუხისმგებელი პირი, რომელიც მოქმედებს იურიდიული პირის სახელით ან ამ სახელის მეშვეობით.

საგანგაშოდ ყურადსაღებია იურიდიული პირის პასუხისმგებლობის შედეგი – ჯარიმა, ან ჯარიმა და მისი ლიკვიდაცია. დამატებითი სასჯელის სახით შესაძლოა გამოყენებულ იქნას ქონების კონფისკაციაც.

() იურიდიული პირი, როგორც პასუხისმგებლობის სუბიექტი

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით იურიდიული პირის პასუხიმგებლობისათვის საჭიროა, რომ ხელმძღვანელობაზე, წარმომადგენლობაზე ან მისი სახელით გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილმა პირმა, ან ამავე იურიდიული პირის სამეთვალყურეო, საკონტროლო და სარევიზიო ორგანოს წევრმა განახორციელოს აკრძალული პოლიტიკური აქტივობა. ასეთ შემთხვევაში დადგება, როგორც მათი, ისე იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

() ვინ არის იურიდიული პირის პასუხისმგებელი პირი სსკის 3553– მუხლის თვალსაზრისით?

“მეწარმეთა შესახებ” კანონი არ განსაზღვრავს იურიდიული პირის პასუხისმგებელ პირს, არამედ განსაზღვრავს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს („მეწარმეთა შესახებ“კანონის მე-9 მუხლი).

პრაქტიკული მაგალითი: თუ ტელეეთერში საუბრობს რომელიმე ბიზნეს სუბიექტის მთავარი ბუღალტერი და ქვეშ აქვს მინაწერი, რომ არის კონკრეტული კომპანიის მთავარი ბუღალტერი, უნდა ჩაითვალოს თუ არა, რომ ის მოქმედებს ამ იურიდიული პირის სახელის გამოყენებით?

ვინ უნდა განსაზღვროს რომელია სსკ-ის 3553-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტი – ფიზიკური პირი? იურიდიული პირის რომელი თანამდებობის პირის საჯარო საქმიანობისათვის შეიძლება დადგეს თავად ამ ფიზიკური პირის და იურიდიული პირის პასუხისმგებლობა ერთდროულად?

სსკ-ის შესაბამისი მუხლი ამ მხრივ ხარვეზიანია, რაც ცხადია მსუყე ნიადაგია დამატებითი თვითნებობისათვის, რასაც ემატება ბიზნესისათვის აკრძალული “არაძირითადი საქმიანობის” ასევე შესაძლო თვითნებური განსაზღვრა გამომძიებლის, პროკურორის და სასამართლოს მიხედულებით და არა “მეწარმეთა შესახებ” კანონით.

() იურიდიული პირი შეიძლება იყო პასუხისგებლობის სუბიექტი მაშინაც კი, როდესაც არ დგინდება დანაშაულის ჩამდენი ფიზიკური პირი

მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად (სსკ-ის 1071-ე მუხლი), იურიდიულ პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, როდესაც დანაშაული ჩადენილია მისი სახელით ან მისი მეშვეობით (მათ შორის სახელის მეშვეობით), მიუხედავად იმისა, დადგენილია, თუ არა დანაშაულის ჩამდენი ფიზიკური პირი.

კანონის ამ დანაწესის თანახმად, თუ გამოძიება მიიჩნევს, რომ რაიმე საპროტესტო/საჯარო აქტივობა განხორციელდა იურიდიული პირის სახელით ან მისი მეშვეობით, შესაძლოა დადგეს ამ იურიდიული პირის პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, დადგინდება თუ არა ამ ქმედების ჩამდენი პირი.

3. ბიზნესის ლიკვიდაცია, როგორც სასჯელი ახალი დანაშაულისათვის

სასჯელის სახით ახალი ნორმა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას იურიდიული პირის პასუხისმგებელი პირებისათვის და ჯარიმას, ან ლიკვიდაციას და ჯარიმას ერთდროულად იურიდიული პირისათვის.

საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა არ ადგენს ჯარიმის ზედა ზღვარს, არამედ ადგენს მის მინიმალურ ზღვარს, რაც არის 100 000 ლარი. შესაბამისად, სასამართლო თავისუფალია ჯარიმის ოდენობის განსაზღვრაში.

ამასთან, სისხლის სამართლის კანონმდებლობა იურიდიული პირის პასუხისმგებლობისას ითვალისწინებს დამატებითი სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას – იურიდიული პირის ქონების ჩამორთმევას, რომელიც შეუძლია გამოიყენოს სასამართლომ მიუხედავად იმისა, მითითებულია თუ არა ეს დამატებითი სასჯელი ახალი 3553-ე მუხლის სანქციაში.

იურიდიული პირის ლიკვიდაცია და მისი “პასუხისმგებელი პირის” სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა “საჯარო პოლიტიკური აქტივობისათვის” არის უკიდურესად რეპრესიული და არაპროპორციული ზომა, რისი ანალოგიც არ იძებნება ევროპული სახელმწიფოების კანონმდებლობაში. ცივილიზებულ მსოფლიოში არ არსებობს აკრძალვა იურიდიული პირებისა და მისი წარმომადგენლებისათვის პოლიტიკური პოზიციის საჯარო გამოხატვისა და მხარდაჭერისთვის, არამედ არსებობს რეგულაციები პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისათვის.

სისხლის სამართლის კოდექსში 4 მარტს განხორციელებული და აქ განხილული ცვლილება არ წარმოადგენს მხოლოდ სამართლებრივი დისკუსიის საკითხს, არამედ ეს არის სიგნალი საერთაშორისო ბაზრებისთვის, რომ საქართველოში აღარ არის დაცული ბიზნესის კერძო ავტონომია და გამოხატვის თავისუფლება და არსებობს დაუბალანსებლად მაღალი სამართლებრივი და პრაქტიკული რისკები ინვესტიციების დაცვისათვის.

[1] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3553-ე მუხლი. „მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობა“

[2] „პოლიტიკური აქტივობის“ ახალი სისხლისსამართლებრივი დეფინიციის სამართლებრივი ანალიზი ხილეთ BLB – ის კვლევაში „ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში – მოქალაქეთა და ორგანიზაციათა განდევნა პოლიტიკური დისკურსიდან“. ხელმისაწვდომია აქ: https://shorturl.at/d58NF

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები