ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) ახალი დირექტორი ჰყავს. საჯარო რეესტრში ცვლილებები გუშინ აისახა და კომპანიის დირექტორი თორნიკე ყაზარაშვილი გახდა. მანამდე დირექტორის მოვალეობას ზაზა დვალიშვილი ასრულებდა.
2023 წლიდან ყაზარაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. 2020-2023 წლებში ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2017-2020 წლებში კი "ენგურის ტურისტული ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. 2016-2020 წლებში იყო „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 2017-2020 წლებში ასევე იყო „ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს წევრი. ყაზარაშვილს საქართველოს ენერგეტიკის ფონდში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, 2014-2018 წლებში ის სახელმწიფო ფონდში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
რაც შეეხება განათლებას, მას დამთავრებული აქვს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა. ასევე მინიჭებული აქვს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი პროექტების მენეჯმენტის სპეციალიზაციით.
ბოლო ქონებრივი დეკლარაცია ყაზარაშვილს 2024 წელს აქვს შევსებული მაშინ, როცა ჯერ კიდევ ეკონომიკის სამინისტროში ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2023 წლის მდგომარეობას ასახავს, ესკოს ხელმძღვანელი სამთაწყაროში თანამესაკუთრეა 7500 კვ.მ მიწის, რომელშიც 1900 დოლარი გადაიხადა. მას ასევე აქვს ბინა თბილისში, რომელიც 2020 წელს სუბსიდირებული იპოთეკური სესხით შეიძინა. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ 2023 წელს Deloitte Consulting Overseas Projects LLC -ს მუშაობისას 52 039 ლარი (გადასახადების გარეშე) მიიღო; შემდეგ მცირე ხნით მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში (დაახლოებით ერთი თვე), სადაც 7437 ლარი მიიღო (გადასახადების გარეშე). სამინისტროს შემდეგ კი 2023 წელსვე ყაზარაშვილმა მუშაობა სახელმწიფო ელექტროსისტემის სამეთვალყურეო საბჭოში დაიწყო, სადაც 88963 ლარი (გადასახადების გარეშე) მიიღო. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ დიღომში 60 კვ,მ ბინას იშენებს, რომელიც 2025 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს, რაშიც ჯამში 95 857 ლარი გადაიხადა (აქედან 70 ათასი ლარი იპოთეკური სესხი იყო).
დღეს, 15 ივლისს, "ქართული ოცნების" მთავრობაში ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ესკოს ახალი გენერალური დირექტორი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
„თორნიკე დარგის პროფესიონალია და კარგად იცნობს ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობებს და გამოწვევებს. ესკოს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სექტორის სტაბილურობის შენარჩუნებაში და დარწმუნებული ვარ, უწყების ახალი ხელმძღვანელი თავის პროფესიონალ გუნდთან ერთად წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ ამოცანებს,“ - განაცხადა ქვრივიშვილმა.
ესკო ექსკლუზიურად ახორციელებს საბალანსო ელექტროენერგიითა და გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობას, სეზონური საჭიროების მიხედვით კი ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტს. ახლად აშენებული ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გარანტირებულ შესყიდვასაც ესკო უზრუნველყოფს.




























