მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთი 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას გეგმავს

სოცმედია

ესპანეთი 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას გეგმავს. პლატფორმებს კი ასაკის გადამოწმების სისტემების დანერგვა მოეთხოვებათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა სამშაბათს განაცხადა და უსაფრთხო ციფრული გარემოს უზრუნველსაყოფად ზომების მიღება დააანონსა.

სანჩესის მემარცხენე კოალიციურ მთავრობას აქამდეც არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილებას სოციალურ მედიაში სიძულვილის ენის, პორნოგრაფიული შინაარსისა და დეზინფორმაციის გავრცელების გამო და აღნიშნავდა, რომ ეს ახალგაზრდებზე უარყოფით გავლენას ახდენს.

"ჩვენი შვილები ისეთ სივრცეში ხვდებიან, სადაც დამოუკიდებლად ნავიგაცია არასოდეს უნდა უწევდეთ... ჩვენ ამას აღარ შევეგუებით. ჩვენ მათ ველური ციფრული დასავლეთისგან დავიცავთ", - განაცხადა სანჩესმა დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას და სხვა ევროპულ ქვეყნებს მსგავსი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

სანჩესმა აღნიშნა, რომ ესპანეთი ევროპის ხუთ სხვა ქვეყანას შეუერთდა, რომლებსაც მან "ციფრულად მოწადინებულთა კოალიცია" (Coalition of the Digitally Willing) უწოდა, რათა საერთაშორისო რეგულირების კოორდინაცია და აღსრულება უზრუნველყონ.

მისი თქმით, კოალიცია პირველ შეხვედრას უახლოეს დღეებში გამართავს. სანჩესს არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნები შედიან ამ ჯგუფში.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ესპანეთი მომავალ კვირას ასევე წარადგენს კანონპროექტს, რომელიც სოციალური მედიის ხელმძღვანელებს უკანონო შინაარსისა და სიძულვილის ენის გავრცელებაზე პასუხისმგებლობას დააკისრებს, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულად გამოაცხადებს ალგორითმულ მანიპულაციასა და უკანონო კონტენტის ხელშეწყობას.

მის მიერ შემოთავაზებულ ზომებს შორისაა ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენის თვალყურის დევნების სისტემა, ხოლო პლატფორმებს მოეთხოვებათ დანერგონ ასაკის გადამოწმების სისტემები, რომლებიც "მხოლოდ მოსანიშნი უჯრებით არ შემოიფარგლება", - აღნიშნა მან.

მისი მთავრობა კანონმდებლობის მიღების პროცესს მომავალი კვირიდანვე დაიწყებს.

მან დასძინა, რომ პროკურორები განიხილავენ გზებს ილონ მასკის Grok-ის, TikTok-ისა და Instagram-ის მიერ სამართლებრივი ნორმების შესაძლო დარღვევების გამოსაძიებლადაც.

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში ავსტრალია პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელები აკრძალა. ამ ნაბიჯს ყურადღებით აკვირდებიან სხვა ქვეყნები, როგორიცაა ბრიტანეთი და საფრანგეთი, რომლებიც ასაკზე დაფუძნებულ მსგავს ზომებს განიხილავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები