ესპანეთის განცხადებით, ქვეყანა 500 000 არალეგალ მიგრანტს ლეგალურ სტატუსს მიანიჭებს.
გადაწყვეტილება, რომელიც სამშაბათს გახდა ცნობილი, ესპანეთის ჩრდილოვან ეკონომიკაში შრომითი ექსპლუატაციის შემცირებას ისახავს მიზნად. ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა და გაერომ მანამდე განაცხადეს, რომ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს შესანარჩუნებლად ესპანეთს წელიწადში დაახლოებით 300 000 მიგრანტი მუშახელი სჭირდება.
"დღეს ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. ვაძლიერებთ მიგრაციის მოდელს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებს, ინტეგრაციას, თანაცხოვრებას და თავსებადობას ეკონომიკურ ზრდასა და სოციალურ ერთიანობასთან", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ესპანეთის იმიგრაციის მინისტრმა ელმა საისმა.
საისის თქმით, ახალი ზომა "აუცილებელი იყო ჩვენს ქუჩებში არსებულ რეალობაზე საპასუხოდ" და ის სარგებელს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას.
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიგრანტებს "ღირსეული" ცხოვრების საშუალებას მისცემს.
უცხოელებს, რომლებიც ქვეყანაში 2025 წლის 31 დეკემბრამდე ჩავიდნენ და შეძლებენ დაამტკიცონ, რომ იქ მინიმუმ ხუთი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ, მიენიჭებათ ერთწლიანი ბინადრობის უფლება და მუშაობის ნებართვა, რომელიც მოქმედი იქნება ნებისმიერ სექტორში და მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათ ასევე უნდა წარმოადგინონ ცნობა ნასამართლეობის არქონის შესახებ.
განაცხადების შევსება აპრილის დასაწყისიდან 2026 წლის 30 ივნისამდე იქნება შესაძლებელი.
რამდენი არალეგალი მიგრანტია ესპანეთში?
ესპანეთში ბევრად მეტი საბუთების არმქონე მიგრანტია, ვიდრე ამ ახალი პოლიტიკით გათვალისწინებული რაოდენობა. საბანკო ასოციაცია CECA-სთან დაკავშირებული ანალიტიკური ცენტრის, Funcas-ის შეფასებით, 2025 წლის დასაწყისისთვის ქვეყანაში 840 000 არალეგალი მიგრანტი იმყოფებოდა.
Funcas-ის თანახმად, მათი უმეტესობა - დაახლოებით 760 000 - ლათინური ამერიკიდანაა. დაახლოებით 290 000 კოლუმბიიდანაა, თითქმის 110 000 - პერუდან, ხოლო 90 000 - ჰონდურასიდან.




























