მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთიდან დელეგაცია ჩამოფრინდა...იკითხეს, გასამხედროებულ რეჟიმზე ხომ არ გადახვედითო - ბიზნესმენი

კახა ხაზარაძე

ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის კახა ხაზარაძის აზრით, არცერთი რეპუტაციული, მსხვილი საინვესტიციო კომპანია ამ ქვეყანაში გრძელვადიან ინვესტიციებს არ ჩადებს.

ამის შესახებ კახა ხაზარაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და საინვესტიციო კლიმატზე მის გავლენაზე საუბრისას განაცხადა.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ICR ჯგუფს საქართველოს ეკონომიკაში 250 მლნ ლარზე მეტი აქვს ინვესტირებული, მაგრამ როგორც კახა ხაზარაძე ამბობს, ახლა რთულია საერთაშორისო პარტნიორები ამ ქვეყანაში ინვესტირებაში დაარწმუნო.

ბიზნესმენმა „წერტილთან“ ინტერვიუში კონკრეტული ისტორიის მაგალითზე მოყვა, რა კითხვებს ქმნის შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ბიზნესგარემოზე.

- გუშინ, ჩვენი ერთ-ერთი კომპანიის დელეგაცია ესპანეთიდან ჩამოვიდა; ვიზიტი ერთი თვით ადრე იყო დაგეგმილი. გვიან ჩამოფრინდნენ და ქალაქში პოლიციის ამდენი ესკორტი რომ დაინახეს, იკითხეს - რა იყო, გასამხედროებულ რეჟიმზე ხომ არ გადახვედითო. მოვუყევი, ხვალ პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული-მეთქი. რა თქმა უნდა, ყველაფრის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ. იმის მაგივრად, რომ გვესაუბრა საქართველოში ბიზნესის განვითარებაზე, ორი დღეა საუბარი დაიწყეს იმაზე, რამდენად შესაძლებელია, ჩვენი მენეჯმენტი გამოიყენონ სხვა საინტერესო ქვეყნებში, სადაც ინვესტიციას დებენ, რადგან პროფესიონალი კადრები ყველგან პრობლემაა ანუ სურთ, ქართული წარმატებული მენეჯმენტი სხვა ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში დაიხმარონ.

- საქართველოში ინვესტირებისგან თავს იკავებენ?

- ამ თემაზე საუბარი დღეს არც შემდგარა... ქვეყანაში, სადაც ინსტიტუციები ჩამოშლილია, სადაც სამართლის პოვნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, იქ ბიზნესზე საუბარი, თან უცხოელ ინვესტორებთან და თან გრძელვადიან პროექტებზე, წარმოუდგენელია. ვიღაცისთვის თუ ეს მარტივი თემაა, დიდი სიამოვნებით მოვუსმენდი, როგორ შეიძლება, ამ სიტუაციაში წინ წახვიდე და განვითარდე.

- ამ ვითარებაში ვინ შეიძლება დაინტერესდეს საქართველოში ინვესტირებით?

- არცერთი რეპუტაციული, მსხვილი საინვესტიციო კომპანია ამ ქვეყანაში ინვესტირებას არ განახორციელებს. ინვესტიციები, შეიძლება, შემოვიდეს ავტოკრატიული ქვეყნებიდან - მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ჩინეთი, ირანი, რუსეთი და ა.შ. ჩინეთთან ბევრად თბილი ურთიერთობა დამყარდა ბოლო პერიოდში - ვიცით, რომ გვაქვს უვიზო მიმოსვლა, ვიცით, რომ ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესდა ჩინური კომპანია; დაინტერესებაზე როცა ვსაუბრობთ, მოგეხსენებათ, რა ტიპის კომპანიებზეა საუბარი - არიან რეპუტაციული ჩინური კომპანიები და არიან სახელმწიფო კომპანიები; არსებობს მილიონი მაგალითი, ჩინური სახელმწიფო კომპანიების მხრიდან აფრიკულ ქვეყნებში ინვესტირების, სადაც სრულად თავისი პოლიტიკა გაატარეს. იმედია, ამ გზით არ წავალთ...

- ჯერჯერობით, საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები სტაბილურია, თუმცა ვიცით, რომ მხოლოდ ოქტომბერში ლარის კურსის დასაჭერად ეროვნულმა ბანკმა 591 მლნ დოლარი გაყიდა... რა რისკებს ხედავთ ეკონომიკაში და რა პერიოდში?

- თქვენ რასაც სტაბილურობას უწოდებთ, ეს ყველაფერი სინამდვილეში იყო მოლოდინის რეჟიმი ანუ არჩევნებამდე ცვლილებებს არც ჩვენ ველოდით. ვფიქრობ, ცვლილებებს აწი უნდა ველოდოთ და ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ კურსს განავითარებს ქვეყანა. საქართველოს ეკონომიკა ძალიან მოწყვლადია; ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი რესურსები - არც გაზი, არც ნავთობი და ა.შ. ლარის კურსის დასაჭერად რეზერვების გაყიდვა თუ გააგრძელა ეროვნულმა ბანკმა, 2-3 თვეში სებს რეზერვები აღარ დარჩება და ალბათ საზოგადოება მერე უფრო დაინახავს იმ რეალობას, საით მიდის ეს ქვეყანა; ბიზნესიც მერე დაინახავს... ვერ წარმომიდგენია ბიზნესი, რომელიც შეიძლება, არსებულ სიტუაციაში მოგებული დარჩეს. ვიღაცისთვის უფრო ადრე დადგება პრობლემური პერიოდი, ვიღაცისთვის - უფრო გვიან, მაგრამ ერთი წელი არ დასჭირდება. ვფიქრობ, 6 თვე საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ, საზოგადოებამ დავინახოთ, საით მიდის საქართველო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები