მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ცდილობს ICR ჯგუფი თანამშრომლების შენარჩუნებას? - კახა ხაზარაძის პოლიტიკა

ICR

ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძის შეფასებით, საცალო ვაჭრობის სექტორის ყველაზე მთავარი გამოწვევა კვალიფიციური კადრების დეფიციტია. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. ბიზნესმენი ფიქრობს, რომ მოქალაქეების ემიგრაციაში წასვლის მაჩვენებლის ზრდის მიზეზი „უპერსპექტივობის განცდაა. „კარგი ცხოვრების გამო რომ არ მიდიან საქართველოდან, ფაქტია. ჩემი დაკვირვებით, იმ ადამიანებს, ვისაც სწავლა შეუძლია ან შეუძლია იმუშაოს და განვითარების პოტენციალი აქვს, აქ პერსპექტივას ვერ ხედავს“, - ამბობს ის.

"წერტილთან“ ინტერვიუში კახა ხაზარაძემ ადამიანური რესურსების განვითარების და მართვის მიმართულებით ICR ჯგუფის პროექტზე ისაუბრა, რომელიც თითოეულ თანამშრომელზე ინდივიდუალურად მორგებული განვითარების პროგრამის შექმნას გულისხმობს.

"პროგრამა ერთი წლის ჭრილში იგეგმება, ფასდება თითოეული თანამშრომლის აღებული ვალდებულებების შესრულება და ამის მიხედვით გაიცემა გეგმის შესრულებასთან ერთად წლიური ბონუსი, რაც პერსონალს გახდის უფრო მოტივირებულს, მიზანდასახულსა და ეფექტიანს“, - წერია კომპანიის 2022 წლის ფინანსურ ანგარიშგებაშიც, სადაც სამომავლო გეგმებზეა საუბარი.
კახა ხაზარაძე გვიყვება, ICR ჯგუფის სტრატეგიაა, თანამშრომლებს განვითარების და დაწინაურების პერსპექტივა კომპანიის შიგნით შეუქმნას.

"ICR ჯგუფი 30 წლისაა და ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი რთული პერიოდი გამოვიარეთ - სამოქალაქო ომი ქვეყანაში, ხუთჯერ შეიცვალა მთავრობა, ორი ეკონომიკური კრიზისი და როდესაც ვაანალიზებთ, რა იყო ყველაზე ძირითადი გადამწყვეტი მიზეზი, რის გამოც დღესაც ბაზარზე ვართ, ეს არის ადამიანური რესურსი.

1000-მდე თანამშრომელი გვყავს და მათი 5% ჩვენთან 10 წელზე მეტია, რაც მუშაობს; 5 წელზე მეტი გამოცდილებით კი, თანამშრომლების 20% გვყავს, ამიტომ მიგვაჩნია, რომ წარმატება და ამ სფეროში დარჩენა თუ გვინდა, ადამიანებს კომპანიის შიგნით განვითარების საშუალება უნდა მისცე. კადრების გადინების ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ახალი თაობა რომელიც ჩვენთან მოდის, მხოლოდ ხელფასის ზომით არ ინტერესდება, მას აინტერესებს როგორ განვითარდება შენს კომპანიაში მუშაობით; ამიტომაც თუ დამატებითი კადრი გვჭირდება, მირჩევნია, მოქმედი თანამშრომლები დავაწინაუროთ და კონკურსი არ გამოვაცხადო. რაც უფრო დიდხანს შევინარჩუნებთ კადრებს, მით მეტად სტაბილური იქნება კომპანია“, - განაცხადა კახა ხაზარაძემ და იქვე დასძინა, რომ ადამიანური რესურსების დეპარტამენტში ინვესტირება ICR ჯგუფის 2024 წლის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა.

საცალო ვაჭრობის სექტორის მთავარ გამოწვევებზე საუბრისას ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ეკონომიკური სტაბილურობა დაასახელა. „ქვეყანაში თუ სტაბილური ეკონომიკა არაა და ინვესტიციები არ შემოედინება, ეს აისახება რიტეილ სექტორზე“, - აღნიშნა მან.

ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. „აი სი არ ჯგუფში“ შემავალი კომპანია „აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების ისეთ საერთაშორისო და ჩვენთვის ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა: „ბატა“, „ჯეოქსი“, „კორსო იტალია“, „სტუდიო ფეხსაცმლის გალერია“, „ოკაიდი“ და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები