მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განბაჟების 300-ლარიანი ზღვარი ქართველ რიტეილერებს არაკონკურენტულ პირობებში აყენებს - ICR ჯგუფი

ICR ჯგუფი

2023 წლის პირველ 9 თვეში საფოსტო ამანათების რაოდენობა წლიურად 53.4%-ით გაიზარდა. წელს, ამ პერიოდისთვის ქვეყანაში 7 591 853 ამანათი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის 9 თვეში შემოსული ამანათების რაოდენობა 4 918 231-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის დასაწყისში, საპარლამენტო ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოში განბაჟების 300-ლარიანი ზღვრის გაზრდის კანონპროექტი დააინიცირა. "ლარის გაუფასურების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ლოგიკურია, ზღვარი 300-დან 700 ლარამდე გაიზარდოს“, - ამ არგუმენტით ხსნიდა დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი ცვლილების საჭიროებას. საკანონმდებლო ინიციატივა მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა და მხარი არ დაუჭირა.

ამანათების რაოდენობის ზრდასა და განბაჟების 300-ლარიანი ზღვრის საკითხზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილის“ კითხვებს „ICR ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძემ უპასუხა. ის ზღვრის გაზრდას არ ემხრობა, რადგან თვლის, რომ ზოგადად, ეს ზღვარი გამოწერების შემთხვევაში, ქართველ რიტეილერებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

„ძირითადად ორი გზაა, როდესაც მომხმარებელს შეუძლია, საქართველოს საზღვრებს გარეთ ფული დახარჯოს: პირველი, როდესაც მოგზაურობს და შოპინგში ფულს ხარჯავს - თუ რიტეილერი იქ პროდუქტს უკეთესს ფასად სთავაზობს და მყიდველიც ყიდულობს, ამ შემთხვევაში სამართლიან კონკურენციაში ვიმყოფებით; მეორე - საზღვარგარეთიდან გამოწერები. ვფიქრობთ, ამ კუთხით, უსამართლო პირობებში და კონკურენციაში ვართ ქართველი რიტეილერები, რადგან თუ რაღაც თანხაზე სახელმწიფო მომხმარებელს გამოწერისას დღგ-ს გადასახადს არ ახდევინებს, არ აქვს მნიშვნელობა ეს 300 ლარია თუ 500, მაშინ გაუგებარია, ჩვენ რატომ უნდა ვიხდიდეთ ამ გადასახადს?! ამ შემთხვევაში, ამანათების გამოწერისას, სახელმწიფო ბიუჯეტი გარკვეულ თანხას კარგავს, რადგან თანხა გაედინება ქვეყნიდან და დღგ-ით არ იბეგრება.

გარდა ამისა, ეს თანხა ქვეყანაში რომ დახარჯულიყო, დამატებით შემოსავალს მიიღებდა ქვეყანა, მეტი ადამიანი დასაქმდებოდა, რადგან ფართები ქირავდება, ადამიანები არიან დასაქმებულები და ა.შ. ამიტომ ყოველთვის ჯობს, ყველა თანაბარ პირობებში იყოს.

განბაჟების დასაბეგრი 300-ლარიანი ზღვრის გაორმაგების შემთხვევაში, არ მესმის, რა სარგებელი ექნება ქვეყანას, ჩემთვის ეს უფრო პოპულისტური განცხადებაა, რადგან მე ამის უკან ვერანაირი დასაბუთება ვერ ვნახე.

თუ გვინდა, მომხმარებელს უფრო იაფი დაუჯდეს ნივთის ყიდვა, საერთოდ გავაუქმოთ ყველანაირი გადასახადი, მაგრამ მაშინ ქვეყანა როგორ იარსებებს?! ვიცით, რომ ბიუჯეტის ფორმირებაში დიდი წვლილი ბიზნესს შეაქვს და თუ ბიზნესი არასამართლიან მდგომარეობაში ჩავაყენეთ, ავტომატურად შემოსავლებიც მოიკლებს“, - განმარტავს ხაზარაძე.

"წერტილის" წამყვანის კითხვას - რატომ არის საქართველოში წარმოდგენილ ბრენდებსა და უცხოეთში ამავე ბრენდების მაღაზიებში ფასებს შორის დიდი სხვაობა? - რიტეილსექტორის ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ასე უპასუხა: „ICR ჯგუფის ბრენდებში ჩვენი და ევროპული მაღაზიების ფასები რომ შევადაროთ, სხვაობა, დაახლოებით, 10-15%-ია, რაც გამოწვეულია ტრანსპორტირებით, ტვირთის ჩამოტანით და ა.შ. მათ იაფი იმიტომ უჯდებათ, რომ როდესაც პროდუქტს იწერენ, გარდა იმისა, რომ შეიძლება უფრო იაფი იყოს, ქვეყნის დატოვებისას ის დღგ-ს გადასახადს აკლებს და აქ დღგ რომ არ ემატება, მარტო ეგ იწვევს 18%-ით გადასახადის სხვაობას“.

ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. „აი სი არ ჯგუფში“ შემავალი კომპანია „აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების ისეთ საერთაშორისო და ჩვენთვის ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა: „ბატა“, „ჯეოქსი“, „კორსო იტალია“, „სტუდიო ფეხსაცმლის გალერია“, „ოკაიდი“ და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები