მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICR ჯგუფი წელს გაყიდვების 20%-იან ზრდას ელის - კახა ხაზარაძე

ICR ჯგუფი

ICR ჯგუფის გაყიდვები წელს, დაახლოებით, 20%-ით გაიზრდება. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძემ განაცხადა.

„დღევანდელ სიტუაციაში პროგნოზის გაკეთება რთულია, ამიტომ მოლოდინები ხან მართლდება და ხან - არა. ჩვენ ვთვლით, რომ შარშანდელ შედეგს გავიმეორებთ, რაც წლიური გაყიდვების 20%-იან ზრდას ნიშნავს“, - თქვა კახა ხაზარაძემ.

მისივე შეფასებით, საცალო ვაჭრობის სექტორშიც, ისევე როგორც სხვა სფეროებში, მიგრანტების ეფექტი მილევად რეჟიმში გადადის და გაყიდვების ზრდა, ძირითადად, ახალი ობიექტების დამსახურებაა.

„ვფიქრობ, მიგრანტებს გაყიდვებში შარშან უფრო დიდი წვლილი ჰქონდათ, ვიდრე - წელს, ვინაიდან 2022 წელს მათ დიდ ნაწილს იძულებით და ქაოსურად მოუწია საქართველოში ჩამოსვლა და შესაბამისად, ბევრ ნივთზე, მათ შორის საყოფაცხოვრებო ნივთებზე, მოთხოვნა ჰქონდათ. ამდენად, წელს რადგან ნაკლები დენადობაა მიგრანტების, ამ ნაწილში ქაოსიც არ არსებობს. ჯამში, გაყიდვების ზრდის განმაპირობებელი უფრო ახალი მაღაზიებია, რომელიც წელს დავამატეთ. მათ შორის ბათუმში, სადაც ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა“, - თქვა კახა ხაზარაძემ.

ICR ჯგუფის ფეხსაცმლის, ბავშვის ტანსაცმლისა და აქსესუარებით საცალო ვაჭრობის პორტფელს წელს ახალი ბრენდი არ დამატებია, მაგრამ როგორც კახა ხაზარაძემ „წერტილში“ განაცხადა, მომავალი წლის გაზაფხულზე, თბილისში იტალიური ბრენდი - Reply-ს მაღაზია გაიხსნება.

ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. „აი სი არ ჯგუფში“ შემავალი კომპანია „აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების ისეთ საერთაშორისო და ჩვენთვის ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა: „ბატა“, „ჯეოქსი“, „კორსო იტალია“, „სტუდიო ფეხსაცმლის გალერია“, „ოკაიდი“ და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები