მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთის წყალდიდობის გამო ევროპაში ხილისა და ბოსტნეულის დეფიციტია მოსალოდნელი

დეფიციტი

ესპანეთში მომხდარი წყალდიდობა ქვეყნისა და კონტინენტის სურსათის მარაგებს რისკის ქვეშ აყენებს. ვალენსია და რეგიონის მიმდებარე ტერიტორია ესპანეთის ციტრუსისა და სხვა აგროპროდუქტების წარმოების 60%-ზე მეტზეა პასუხისმგებელი. აგროპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია კი აცხადებს, რომ ექსტრემალური ამინდის გამო ფერმები მნიშვნელოვნად დაზიანდა და შეფერხდა საწარმოო პროცესიც - ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ზარალის სრული მოცულობა ჯერ დათვლილი არ არის, წყალდიდობის გამო ფერმერები საკუთარ ნაკვეთებზე ამ დრომდე ვერ მიდიან, რადგან დაზიანებულია სოფლებისკენ მიმავალი გზები. სტიქიამ დააზიანა სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურაც, სათბურები, მძიმე ტექნიკა და მცირე საწარმოები.

ასოციაცია ვარაუდობს, რომ განადგურდა ციტრუსის, ხურმის, ბოსტნეულის, ყურძნისა და სხვა პროდუქტის ბაღების ათასობით ჰექტარი.

წყალდიდობის გამო დაიღუპნენ ფერმის ცხოველებიც. ფერმერებისთვის საგანგაშოა გადარჩენილი ცხოველების გამოკვებისა და მოვლის პროცესის პოტენციური შეფერხებაც.

წლის განმავლობაში ესპანეთი ექსტრემალურ გვალვას ებრძოდა, რის გამოც ნიადაგი იმდენად გამომშრალია, რომ ზედმეტ წყალს ვეღარ იწოვს, მიტომ ნარგავების უმრავლესობა დატბორილია. იმ შემთხვევაში, თუ ბაღები წყლის ქვეშ ხანგრძლივი დროით დარჩებიან, ამით არა მხოლოდ ნაყოფი დაზიანდება, არამედ მცენარის ლპობის რისკიც ჩნდება.

ესპანეთი ხილისა და ბოსტნეულის ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. ამასთან, სწორედ ეს ქვეყანა ამარაგებს დიდი ბრიტანეთის ხილის 25%-ს, და ბოსტნეულის იმპორტის 8%-ს. მოსალოდნელია, რომ ზამთრის სეზონზე ციტრუსის მარაგები სწორედ ამ მიზნით შემცირდება და ეს არც პირველი შემთხვევა იქნება. გასულ წელს დიდ ბრიტანეთში პოპულარულ ხილსა და ბოსტნეულზე დეფიციტი კვირების განმავლობაში გაგრძელდა, რაც კატალონიისა და ანდალუსიის რეგიონებში მწვავე გვალვით იყო გამოწვეული. ამასთან, ანდალუსიის ქალაქ ალმერიაში მსოფლიოში ყველაზე მეტი სათბურია თავმოყრილი, რის გამოც, თუ რეგიონში ამინდის მწვავე პირობები შენარჩუნდება, ევროპის სურსათის მიწოდების ჯაჭვი, შესაძლოა, სერიოზულად შეფერხდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები