36 თამაშისა და 81 გოლის შემდეგ შეგვიძლია, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს დავემშვიდობოთ, რომელმაც 24 ნაკრების რაოდენობა 16-მდე შეამცირა. მიმდინარე გათამაშებამ საოცარი სიურპრიზები მოგვიმზადა, რომელთა შორისაც უპირველესი, ცხადია, საქართველოს ეროვნული ნაკრებია. ჩვენთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე პირველივე ცდაზე მოვიპოვეთ პლეი-ოფის საგზური, რამაც საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო.
ამერიკულმა ავტორიტეტულმა გამოცემა ESPN-მა გასული ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრები შეადგინა, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე შეიყვანა, ხოლო გუნდის გაწვრთნა ფრანგ ვილი სანიოლს მიანდო.
ქართველ მეკარეზე გამომცემლობა წერს, რომ ამ დროისთვის ის ტურნირის საუკეთესო მეკარეა. ჩეხეთის ნაკრებთან შესრულებული 11 მოგერიებით კი ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ თამაშში ყველაზე მეტი მოგერიებული ბურთის ავტორი. კიდევ უფრო დიდ აღფრთოვანებას იწვევს ის ფაქტი, რომ გიორგი მხოლოდ 23 წლისაა და ეს მისთვის მხოლოდ პირველი დიდი ტურნირია.
რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს მასზე ამერიკელები საქებარ სიტყვებს არ იშურებენ და ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირის წოდებას ზედმეტად მოულოდნელსაც უწოდებენ:
“რომ არ ადევნებდეთ მიმდინარე ევრო პირველობას თვალს და თქვენთვის ეკითხათ, თუ ვინ არის ჩემპიონატის ბომბარდირი, თქვენ პირველ რიგში ალბათ კილიან მბაპეს ან ჰარი კეინს დაასახელებდით. სინამდვილეში კი სამი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით ჩემპიონატის ბომბარდირი ფრანგული “მეცის” ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძეა, რომელიც ისტორიაში მეცხრე ფეხბურთელია ვინც ჯგუფური ეტაპის სამივე თამაშში შეძლო გოლის გატანა. თუკი თქვენ საფრანგეთის ლიგა 1-საც ადევნებდით თვალს, მაშინ ტანდაბალი ფორვარდი მანამდეც მოგხვდებოდათ თვალში, რადგან 12 თამაშში 11 გოლის გატანა მოახერხა. რაც მთავარია საქართველო ასპარეზობას აგრძელებს და გიორგის გოლის გატანის შანსი კიდევ მიეცემა” - ნათქვამია ESPN-ის სტატიაში.
სიმბოლურ გუნდს სათავეში ESPN-მა ვილი სანიოლი ჩაუყენა, რომელმაც ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს სენსაციას ჩაუყარა საფუძველი:
“2006 წლის მუნდიალის ვიცე-ჩემპიონმა საქართველოს ნაკრებით ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია დააფიქსირა და ჯერ ისტორიაში პირველად ევროპირველობაზე მოხვდა, ხოლო შემდეგ ჯგუფური ეტაპიც გადალახა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ძირითადად დიდ სახელებზეა დამოკიდებული, როგორებიც მამარდაშვილი, მიქაუტაძე და კვარაცხელია არიან სანიოლმა მოახერხა და არსებული კონტიგენტით მებრძოლი სულის მქონე გუნდი შექმნა, რომელიც ტაქტიკურად იდეალურად ასრულებს მწვრთნელის დავალებებს. ყველაზე მთავარი რის გამოც ვილი სანიოლი სიმბოლური ნაკრების მთავარ მწვრთნელად ავირჩიეთ არის ის ფაქტი, რომ მან ქართველი ფეხბურთელები საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნა და აჩვენა, რომ ყველაფერს აქვს აზრი” - წერს ამერიკული გამოცემა.
მთლიანობაში კი ESPN-ის მიერ შედგენილი ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
გიორგი მამარდაშვილი (საქართველო), მერტ მულდური (თურქეთი), უილიამ სალიბა (საფრანგეთი), მანუელ აკანჯი (შვეიცარია), მარკ კუკურელია (ესპანეთი), ტონი კროოსი (გერმანია), ნგოლო კანტე (საფრანგეთი), ივან სანჩესი (სლოვაკეთი), ჯამალ მუსიალა (გერმანია), ნიკო უილიამსი (ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე (საქართველო).
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი (საქართველო).