მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესტონურ მოდელზე მთავრობის გადაწყვეტილება ენთუზიაზმს ნამდვილად არ გვგვრის - MBC

638f092f25753
მარიამ ვარადაშვილი
06.12.22 16:09
818
გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მოგების გადასახადის ე.წ ესტონური მოდელი ბანკებს არ შეეხებათ. ამის მიზეზად ღარიბაშვილმა კომერციული ბანკების წლევანდელი მოგება დაასახელა.

პრემიერს არაფერი უთქვამს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, რომლებიც ასევე ელოდებოდნენ ახალი მოდელის ამოქმედებას, თუმცა BMG-ის ფინანსთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ მოგების გადასახადის ე.წ ესტონური მოდელი არც მათზე გავრცელდება.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის დამფუძნებელი გია პეტრიაშვილი BMG-თან საუბრისას მოგების გადასახადის ე.წ ესტონური მოდელის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მთავრობის საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

“ესტონური მოდელის გადავადების შესახებ წინასწარი ინფორმაცია გარკვეულწილად გვქონდა, თუმცა ის რომ საერთოდ აღარ შეეხება მომავალში საფინანსო სექტორს, ეს რა თქმა უნდა, სიახლეა. ამას ენთუზიაზმის მომგვრელ სიახლეს ნამდვილად ვერ დავარქმევდი. დაველოდებით ამ დოკუმენტებს, რათა მათ დავეყრდნოთ [ფინანსთა სამინისტროსთან] უკუკავშირის შემთხვევაში, მაგრამ რასაც ყურადღება მივაქციეთ არის ის, რომ საერთოდ ნახსენები არ არის მიკრობანკები, რომლებიც ახლა უნდა შეიქმნან. ისინი ბუნებრივია მოიაზრებიან საფინანსო სექტორში, თუმცა გაიზიარებენ თუ არა სადაზღვევო სექტორის ბედს, ჯერ უცნობია. ეს სექტორი ახლა იქმნება და არ იქნებოდა ურიგო მათაც შეხებოდა შეღავათი, თუ ესტონურ მოდელს შეღავათს ვუწოდებთ", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილის მოსაზრებით, მოგების გადასახადის ე.წ ესტონური მოდელი, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ამოქმედდა, ამ ეტაპზე საბანკო სექტორს თავისი მაჩვენებლებიდან გამომდინარე, არ სჭირდება. MBC-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ესტონური მოდელი საფინანსო სექტორისთვის შეღავათი ნამდვილად არ არის, რადგან მოგების გადასახადის ამ მოდელით ბიზნეს მოგვიანებით, თუმცა მაინც იხდის გადასახადს.

“მე არ ვიტყოდი, რომ ესტონური მოდელი შეღავათია. ამით ინვესტიციების წახალისება ხდება, რადგან მისი მთავარი არსია, რომ თუ მოგების ბიზნესში რეინვესტირება ხდება, მაშინ მოგების გადასახადი გადავადდება. ხაზს ვუსვამ ეს არის არა გათავისუფლება, არამედ გადავადება, რადგან დაიბეგრება მაშინ, როცა დივიდენდის განაწილება მოხდება. ანუ ეს მოდელი ახალისებს ორგანიზაციებს, რომ დივიდენდი არ გაანაწილონ. ეს ისეთივე სასარგებლოა ბანკებისთვის როგორც ნებისმიერი სხვა ბიზნესისთვის. ბანკებს თუ აქვთ დიდი მოგება, ამ მოდელის პირობებში მეტი სტიმული ექნებოდათ მოგება კი არ გაანაწილონ, არამედ ბიზნესში ჩააბრუნონ და მის განვითარებას მოახმარონ. ამიტომ, გულდაწყვეტილი ვიქნებით, თუ მიკროსაფინანსო სექტორს გაურკვეველი ვადით გადაუვადდა ესტონური მოდელი”, -აცხადებს MBC-ის დამფუძნებელი.

BMG-ის კითხვაზე რატომ ვერ დაარწმუნა საფინანსო სექტორმა მთავრობა, რომ ეს მოდელი მათზეც გავრცელებულიყო, პეტრიაშვილი გვპასუხობს, რომ ამის მიზეზი საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებაა, რაც მთავრობის ინტერესში არ არის.

“პირველი, საფინანსო სექტორი განსაკუთრებით კი საბანკო მომგებიანია. ამ სექტორის ბიზნესის ლოგიკა ისეთია, რომ მოგების დიდ ნაწილს არ ანაწილებენ და მისი კაპიტალში რეინვესტირება ხდება. ამას თავად ამ ბიზნესის ლოგიკა ითხოვს, რადგან ისინი ზრდაზე არიან ორიენტირებულნი. ასეთ შემთხვევაში თუ მოგების გადასახადი გადავადებული იქნებოდა ბიუჯეტში გარკვეული პერიოდით ბანკებისგან მოგების გადასახადი აღარ შევიდოდა, ანუ ბიუჯეტს ფინანსური დანაკლისი ექნებოდა. ეს არის ამ ნაწილში მთავრობის მოტივაცია”,-აცხადებს ის.

მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი ბიზნესისთვის 2018 წლიდან ამოქმედდა, რომელიც ბიზნესს მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, თუ თანხა კომპანიაში რეინვესტირდება. მაშინ ითქვა, რომ მოგების გადასახადის აღნიშნული მოდელი საფინანსო სექტორზე 2019 წლიდან უნდა გავრცელებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ პროცესმა 2023 წლამდე გადაიწია. პრემიერის განცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანკები ესტონურ მოდელზე 2023 წელსაც არ გადავიდოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები