მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეთერზეთები გურიიდან - „მწვანე ბუმბო“ ციტრუსის ეთერზეთის წარმოებას გეგმავს

619b82e57cfed
ვიქტორია მღებრიშვილი
22.11.21 21:50
3530
ევკალიპტის და დაფნის ეთერზეთების ქართული წარმოება და ევკალიპტის პლანტაციები - ამ ბიზნესს კომპანია „მწვანე ბუმბომ“ საფუძველი 2018 წლიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტ სოფელ სუფსაში ჩაუყარა და 234 000 დოლარის ინვესტიციით გურიაში ახალი საწარმო აამოქმედა.

კომპანიის კომერციული დირექტორი დოკა ბაღათურია BM.GE-სთან ამბობს, რომ პროექტი USAID-ის მხარდაჭერით დაფინანსდა და მათი თანამონაწილეობა 74 000 დოლარი იყო. დღეს „მწვანე ბუმბოს“ საწარმო 0.5 ჰა-ზეა განთავსებული, ხოლო სანერგე მეურნეობა - 3 ჰა-ზე. მისი თვიური წარმადობა 500-600 ლიტრი ეთერზეთი, 40 ტონა გიდროლატი (მეორე პროდუქტი, რომელიც ეთერზეთის გამოხდისას მიიღება და კოსმეტიკაში გამოიყენება) და 3 000 ევკალიპტის ნერგია.

„საქართველოში ეთერზეთები, ძირითადად, საზღვარგარეთიდან შემოდის; ამასთან, საქართველო მდიდარია მცენარეებით, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ 100%-ით ნატურალური ეთერზეთები გვეწარმოებინა.

ქარხანა ამ ეტაპზე სამი სახეობის - ორი სახის ევკალიპტის და დაფნის ეთერზეთებს აწარმოებს, თუმცა საწარმოო რესურსი 14 სახის პროდუქტის წარმოებაა. პროდუქციას ძირითადად კვების მრეწველობის წარმომადგენლები ყიდულობენ, სადაც ხარისხის მაჩვენებელს დიდი მნიშვნელობა აქვს. ქსელში ჩვენი ზეთის ღირებულება 15 ლარია. ხარისხთან შედარებით, ეს დაბალი ფასია, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობებს ვითვალისწინებთ“, - განმარტა დოკა ბაღათურიამ და დასძინა, რომ „მწვანე ბუმბოს“ ეთერზეთების შეძენა მომხმარებელს „მწვანე აფთიაქსა“ და „გუდვილში“ შეუძლია.



კომპანია დღეისთვის 10 სამუშაო ადგილს ქმნის, თუმცა პროდუქციის გამრავალფეროვნებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს.

„კომპანიაში ტექნოლოგიის ათვისებას, თანდათანობით, ვახდენთ და ზაფხულისთვის ციტრუსების ეთერზეთების წარმოების დამატებას ვაპირებთ.

„მწვანე ბუმბოს“ მუშაობის ძირითადი ამოცანა, არა რაოდენობრივი წარმოება, არამედ ხარისხზე აქცენტირებაა. ჩვენი ეთერზეთების სხვადასხვა ლაბორატორიაში გაგზავნილმა ნიმუშებმა ძალიან დადებითი შეფასება დაიმსახურა. საბედნიეროდ, საქართველოში ისეთი კულტურული, ბუნებრივი წარმოშობის მცენარეებია, რომლისგანაც ნატურალური და მაღალი ხარისხის ეთერზეთები მიიღება. სხვა ქვეყნები ჰიბრიდულ მცენარეებს იყენებენ, რაც ამ ხარისხის პროდუქციის მიღების საშუალებას არ იძლევა“, - განმარტავს ბაღათურია.



მისივე ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოში ამ მრეწველობაში რამდენიმე ადგილობრივი წარმოება ოპერირებს და კონკურენციაც დაბალია, ამიტომ პროდუქტის რეალიზება ძირითადად საექსპორტო ქვეყნებში ხდება. 

ეთერზეთების წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს კომპანია საკუთარი ევკალიპტის პლანტაციიდან და ადგილობრივი ფერმერებიდან იღებს.

„პარალელურად, გაშენებული გვაქვს ევკალიპტის პლანტაციები და სანერგე მეურნეობა. რეალიზაციაში გვაქვს ევკალიპტის სხვადასხვა ჯიშის ნერგი, რომელიც ნებისმიერ კლიმატურ პირობებში, სათანადო მოვლის შედეგად იდეალურად ხარობს. ჩვენ იმ ხეებს ვაშენებთ, რომელსაც მსოფლიომ "სიცოცხლის ხეები" შეარქვა და ისინი დაავადებებისა თუ ვირუსების ბუნებრივ პრევენციას უზრუნველყოფს. კარგი იქნება, თუ ქვეყანაში იმაზე მეტი ხე დაირგვება, რაც იჭრება. ეს "გლობალური დათბობის" ხანაში მნიშვნელოვანია“, - უთხრა BM.GE-ის დოკა ბაღათურიამ.