ევროკავშირი ადასტურებს, რომ მოგზაურობის ავტორიზაციის ევროპული სისტემა, იგივე ETIAS, ეტაპობრივად ამოქმედდება და სხვადასხვა ფაზა გარდამავალ და საშეღავათო პერიოდებს მოიცავს. ბლოკის მიზანია, მოგზაურები შეეჩვიონ ETIAS-ის სისტემას, ვიდრე ის სავალდებულო გახდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ETIAS-ის ამოქმედების შემდეგ, გარდამავალი პერიოდი 6 თვეს გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში, ევროკავშირი მოგზაურებს მოუწოდებს, ავტორიზაციის სისტემით ისარგებლონ, თუმცა ის EU-ს საზღვრებში მოსახვედრად სავალდებულო არ იქნება.
გარდამავალი პერიოდის შემდეგ საშეღავათო პერიოდი ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც მოგზაურობის ETIAS-ით ავტორიზება სავალდებულო იქნება თითქმის ყველა მოგზაურისთვის, გარდა მათთვის, ვინც:
- ევროკავშირში პირველად შედიან და სხვა ყველა საჭირო მოთხოვნას აკმაყოფილებენ;
- ვინც ETIAS-ით გარდამავალ პერიოდში ისარგებლებს;
საშეღავათო პერიოდიც, სავარაუდოდ, 6 თვეს გაგრძელდება.
ევროკავშირის ცნობით, მოგზაურობის ავტორიზაციის სისტემის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდება, რაც ბლოკი შესვლა/გასვლის სისტემას (EES, Entry/Exit System) აამოქმედებს, თუმცა ამ სისტემის იმპლემენტაცია არაერთხელ გადავადდა.
ბოლო მონაცემებით, ETIAS-ის სავარაუდო ამოქმედების ვადად 2025 წლის ბოლო ან 2026 წელი განისაზღვრა.
ETIAS-ის ამოქმედების შემდეგ აპლიკანტები განაცხადის გაკეთებას ონლაინ, ვებ-გვერდიდან ან აპლიკაციის მეშვეობით შეძლებენ. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ ETIAS-ის აღება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნებისთვისაც სავალდებულო იქნება. რაც შეეხება საფასურს, მისი გადახდა სავალდებულოა 18-70 წლამდე ასაკის ვიზიტორებისთვის. ევროკავშირის განცხადებით, ETIAS ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებსა და რეზიდენტებს არ შეეხებათ და ისინი ბლოკის შიგნით თავისუფლად გადაადგილდებიან. მომსახურების გადასახადი 7 ევროთი განისაზღვრა. ETIAS-ის შემოღებას ევროკავშირი უსაფრთხოების მიზნებით ხსნის.




























