"ოცნების" მთავრობის ეკონომიკის მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს ავიაბაზარზე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია Etihad Airways-ის შემოსვლა დამატებითი სტიმული იქნება ავია და ტურისტული სექტორისთვის.
მისივე თქმით, ამ ავიაკომპანიის შემოსვლა სწორი ეკონომიკური, მათ შორის დივერსიფიკაციის პოლიტიკის შედეგია.
"საქართველოში ასეთი ძლიერი საერთაშორისო ბრენდული ავიაკომპანიის შემოსვლა კიდევ უფრო გაამყარებს ქვეყნის ცნობადობას და ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის მეტად განვითარებას“, - განაცხადა ქვრივიშვილმა და დასძინა, რომ ეს ავიაკომპანია ხელს შეუწყობს როგორც საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის, ისე მთლიანად საქართველოსა და ყურის ქვეყნებს შორის მგზავრთნაკადის ზრდას.
„ეს დადებითად აისახება ტურიზმისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდაზე. ყურის ქვეყნები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ავიამიმართულებაა, შესაბამისად, Etihad Airways-ის ავიარეისები დამატებითი სტიმული იქნება არამარტო ავია, არამედ საქართველოს ტურისტული სექტორისთვისაც და შედეგად მთელი ეკონომიკისთვის. ჩვენი გუნდი კი მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ ჩვენი თანამშრომლობა და ავიაკომპანიის საქართველოში ოპერირება წარმატებული იყოს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, საქართველო ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების მოზიდვის მიზნით, მარკეტინგული კამპანიების წარმოება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
ცნობისთვის, არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანიის აბუ დაბი-თბილისი-აბუ დაბის საჰაერო ხაზზე ოპერირების დაწყება 2026 წლის 1 მარტიდან, კვირაში 14 სიხშირით იგეგმება. დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ფრენებს ახორციელებენ ავიაკომპანიები - Fly Dubai, Air Arabia, Air Arabia Abu Dhabi და Wizz Air Abu Dhabi კვირაში დაახლოებით 49 სიხშირით.




























