მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. ოფშორებიდან აქტივის გადმოტანის სურვილით არავის მოუმართავს - შემოსავლების სამსახური

ოფშორების კანონი

შემოსავლების სამსახურში BMG-ის განუცხადეს, რომ ე.წ. ოფშორული ზონიდან საქართველოში აქტივის გადმოტანის შესახებ უწყებისთვის არ მიუმართავთ.

"ამ ეტაპზე, შემოსავლების სამსახურში შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივის საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის თაობაზე მომართვა არ ფიქსირდება. ამასთან, რამდენადაც უცხო ქვეყნის ტერიტორიიდან აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესი საჭიროებს გარკვეულ დროს, ამის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილება აკეთებს დათქმას - აქტივების 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გადაცემაზე", - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ bm.ge-ის მიერ გაგზავნილი კითხვის პასუხად მოწოდებულ ინფორმაციაში.

BMG-იმ შემოსავლების სამსახურს ასევე ჰკითხა იმის შესახებ, თუ აქვს უწყებას ბიზნესის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, რომ საქართველოში მსგავსი კანონი არსებობს? რა სახის კომუნიკაცია აქვს და არის თუ არა ბიზნესის მხრიდან ინტერესი, რაზეც უწყებაში ამბობენ, რომ ბიზნეს სექტორთან კომუნიკაცია ყველა თემაზე მიმდინარეობს.

"რაც შეეხება ბიზნეს სექტორთან კომუნიკაციას, გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, მუდმივად ხვდებიან ბიზნესის წარმომადგენლებს, სადაც ხდება მათთვის საინტერესო თემების განხილვა", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" "ოფშორების შესახებ" კანონი პარლამენტში მოულოდნელად, აპრილში დაარეგისტრირა. საპარლამენტო უმრავლესობამ "რუსული კანონის" კვალდაკვალ ის ორ დღეში, დაჩქარებული წესით მიიღო. პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, კანონი საბოლოოდ შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით ამოქმედდა.

ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების ქართულ კომპანიაზე გადაფორმებისას აქტივის მიმღები ქართული კომპანია დაბეგვრის ვალდებულებისგან გათავისუფლდება თუ ოპერაცია 2028 წლის 1-ელ იანვრამდე შესრულდება, ხოლო 2030 წლის 1-ელ იანვრამდე ოპერაციაში ჩართული საწარმო ოფშორული კომპანიისგან ფიზიკური აქტივის საქართველოში მიღებისას იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება. კანონპროექტის წარდგენისას გამოითქვა ეჭვები, რომ კანონი ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული, რომელიც ბიზნეს ოპერაციებს ოფშორების გავლით ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები