კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა არაკონსტიტუციურია, ვინაიდან საკითხი სასამართლოშია გასაჩივრებული.
როგორც მან BMG-სთან განაცხადა, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი გადაწყვეტილება, იქნება ეს მთავრობის დამტკიცება თუ ა.შ. რომელსაც ეს პარლამენტი მიიღებს, ასევე არაკონსტიტუციური იქნება.
„პარლამენტის რეგლამენტით, აკრძალულია პარლამენტის წევრად არჩეულად გამოცხადებულ პირთა უფლებამოსილების ცნობა, თუ ამ არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში ან სასამართლოში. უფლებამოსილების ცნობის საკითხი შესაძლოა განხილულ იქნეს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დასრულდება სასამართლოში დავა, სასამართლო გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას და თუ კანონიერად ცნო სასამართლომ არჩევნები, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაისვას უფლებამოსილების ცნობის საკითხი. აქედან გამომდინარე, ის რაც დღეს გააკეთეს, არის პირდაპირი დარღვევა რეგლამენტისა, ეს არის გასვლა კონსტიტუციური სივრციდან და უფლებამოსილების ცნობა არის არაკონსტიტუციური. ეს გადაწყვეტილებაც შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელსაც, იმდენად ცხადად წერია ეს ყველაფერი, სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ გამოაცხადოს არაკონსტიტუციურად უფლებამოსილების ცნობა, თუმცა ეს მოხდება თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, შეტანილ სარჩელებზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, ჯერ მიიღებს თუ არა განსახილველად. მე ვერანაირ არგუმენტს ვერ ვხედავ, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება უარი თქვან სარჩელების მიღებაზე“, - აღნიშნა კონსტიტუციონალისტმა.
მისივე თქმით, არის ფორმალურ-იურიდიული კითხვები, რომლებზე პასუხიც ნათელი არაა, ვინაიდან მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. მაგალითად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა უნდა დაწერონ თუ არა განცხადება გადადგომის თაობაზე.
„მე ვთქვი და ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმას აცხადებენ, რომ ეს პარლამენტი, უფლებამოსილების ცნობა არის არალეგიტიმური. თუ უფლებამოსილების ცნობა არალეგიტიმურია, ესენი არა არიან პარლამენტის წევრები. თუ წევრები არ არიან, საიდან გადადგომის განცხადება უნდა გააკეთონ? და თუ არ გააკეთეს გადადგომის განცხადება, „ქართული ოცნება“ იტყვის, რომ ისინი არიან პარლამენტის წევრები.
როგორც უფლებამოსილების ცნობა, ასევე ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს ეს უკვე ე.წ. პარლამენტი, იქნება არაკანონიერი, არაკონსტიტუციური, მაშასადამე მიღებისთანავე ბათილი და ცხადია, ამით პარლამენტის პოლიტიკური თვალსაზრისით ლეგიტიმურობის საკითხი გაცილებით მეტად დამძიმდება“,- თქვა ვახტანგ ხმალაძემ.
მისივე თქმით, არსებული ვითარების ფონზე დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაცია მხოლოდ პოლიტიკური არ იქნება და საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან დარტყმას გამოიწვევს.
„ეს არის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეიძლება გაღრმავდეს. როგორც გინდა განვითარდეს მოვლენები ამის შემდეგ, ზიანის ხარისხი, რომელიც საქართველომ და მისმა მოქალაქეებმა უკვე მიიღეს, კიდევ უფრო გაიზრდება“,- ამბობს ხმალაძე.
ცნობისთვის, დღეს, პარლამენტმა, სადაც მარტო “ქართული ოცნების” დეპუტატები არიან, 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით 19 ნოემბერს მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას. 20 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, გამწესრიგებელი სხდომის თარიღი, რომელზედაც სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უნდა იმსჯელოს.