მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ე.წ. სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების დაუშვებლობაზე ICAO-სთან გვაქვს კოორდინაცია - GCAA

სოხუმი

“სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მუდმივად უზრუნველყოფს კოორდინაციას ICAO-სთან ე.წ. სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების დაუშვებლობის შესახებ”, - ასე უპასუხეს ავიაციის სააგენტოში BMG-ის კითხვას, ისევ დაიშვებიან თუ არა საქართველოს ავიაბაზარზე ის რუსული ავიაკომპანიები, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ ოპერირებას და შეასრულებენ ფრენებს სოხუმის აეროპორტის მიმართულებით.

რუსული ავიაკომპანიები Red Wings-ი და Azimuth-ი 2024 წელს, ჯამში, 624 154 მგზავრს მოემსახურნენ და საქართველოს ავიაბაზრის 8%-ს იკავებენ.

საქმე ის არის, რომ 7 თებერვალს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის აეროპორტში პირველი ფრენა შესრულდა. რეგულარული საჰაერო ფრენების დაწყება კი, ზაფხულში იგეგმება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ სოხუმის ე.წ. აეროპორტის ამოქმედებაა უკანონოა და უცხო ქვეყნის ავიაკომპანია, რომელიც ფრენას შეასრულებს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, დაარღვევს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს კონვენციის ძირითად და ფუნდამენტურ პრინციპებს.

GCAA-ში ასევე ირწმუნებიან, რომ „საქართველოს აქვს მყარი და უპირობო მხარდაჭერა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან“.

„სოხუმის აეროპორტი არ ფლობს საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ გაცემულ აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატს.

საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია აეროდრომის გამოყენება სამოქალაქო ავიაციის მიზნებისთვის, თუ მისი ექსპლუატანტი არ ფლობს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ მოქმედ აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატს.

უკანონოდ ამოქმედებული აეროპორტიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელება წარმოადგენს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევას.

უცხო ქვეყნის ავიაკომპანია, რომელიც ფრენას შეასრულებს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, დაარღვევს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს კონვენციის ძირითად და ფუნდამენტურ პრინციპებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მუდმივად უზრუნველყოფს კოორდინაციას ICAO-სთან ე.წ. სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების დაუშვებლობის შესახებ.

უწყება იყენებს ყველა ფორმატს, ეს იქნება ICAO-ს საბჭოს ინიციატივით განხორციელებული ასამბლეის სესიები, ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო - ატლანტიკური რეგიონის შეხვედრები, ორგანიზაციის პირველ პირებთან შემდგარი ორმხრივი შეხვედრები თუ ტექნიკური კონსულტაციები, რათა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების დაუშვებლობის საკითხი მუდმივად იდგეს დღის წესრიგში“, - ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის მიერ BMG-ისთვის გამოგზავნილ წერილობით პასუხში.

სოხუმის აეროპორტის გახსნას თბილისი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილავს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები