მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეტყობა „ოცნებისთვის“ სახელმწიფო საწარმოების შენახვა უკვე პრობლემურია - აკაკი ცომაია

აკაკი ცომაია

„ერთია რა ითქვა, მეორეა, რის გაკეთებას აპირებენ და მესამე, სახელმწიფო საწარმოები დიდი ხანია ყოველთვის იყვნენ და ახლა მით უფრო არიან ზარალზე მომუშავე, წაგებიანი საწარმოები. ეტყობა მათაც ["ოცნება"] შეაწუხა უკვე ამ ზარალის მასშტაბმა და მათი შენახვა უკვე პრობლემურია“ - ასე ეხმაურება ეკონომისტი აკაკი ცომაია „ქართული ოცნების“ პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ სახელმწიფო საწარმოებში დაანონსებულ ცვლილებებს. მისთვის “ოცნების” მთავრობის რეფორმის შინაარსი გაურკვეველია. აკაკი ცომაიას შეფასებით, სახელმწიფო კომპანიები კორუფციის და ფიქტიურად დასაქმების მთავარი წყაროა, ამიტომ საინტერესოა, ვის შეეხება კობახიძის დაანონსებული საკადრო შემცირებები, პროფესიონალ კადრებს, თუ ოცნების მხარდამჭერ ფიქტიურად დასაქმებულებს.

„დღევანდელ საქართველოში რთულია მსჯელობა რეფორმებზე ან რასაც ამჟამინდელი დე ფაქტო მთავრობა აკეთებს, ვუწოდოთ ამას რეფორმა ან დავარქვათ რეფორმა. ზოგადად ქვეყანაში, სადაც ასეთი პოლიტიკური ვითარებაა და ასეთი ზომის რეპრესიებია, რომელიც უფრო და უფრო აქტიურდება, უკვე გეომეტრიული პროგრესიით, ძალიან რთულია ისაუბრო იმაზე, რას აპირებს მთავრობა სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით.

ის, რაც ჩვენ ვიცით ჟურნალისტებისგან, არის ის, რომ სახელმწიფო საწარმოებში არის ძალიან მაღალი ხარისხის კორუფცია და მეორე მხრივ ის, რომ ყოფილი ჩინოვნიკები, თუ ქართული ოცნების ყოფილი თუ ამჟამინდელი წევრები არიან ფიქტიურად დასაქმებულები და აქვთ ასტრონომიულად მაღალი ხელფასები. ვის გაშვებას გეგმავს კობახიძე, რა არის რეფორმის შინაარსი, თუ ეს კადრები უნდა შეინარჩუნოს და პროფესიონალი კადრები გაუშვან, მაშინ როგორ დავარქვათ ამას სახელმწიფო საწარმოების რეფორმა. თუ ის იმ ადამიანების გაშვებას აპირებს, ვინც ფიქტიურად ჰყავს დასაქმებული, როგორიც არის ქუცნაშვილი, კურტანიძე და სხვები, მაშინ თქვას, რომ ამას აპირებს. მაშინ ცოტა შეიცვლება სიტუაცია, მაგრამ ამის მოლოდინი ნაკლებია.

ერთია რა ითქვა, მეორეა, რის გაკეთებას აპირებენ და მესამე სახელმწიფო საწარმოები დიდი ხანია ყოველთვის იყვნენ და ახლა მით უფრო არიან ზარალზე მომუშავე, წამგებიანი საწარმოები. ეტყობა მათაც შეაწუხა უკვე ამ ზარალის მასშტაბმა და მათი შენახვა უკვე პრობლემურია“,-აცხადებს bm.ge-სთან აკაკი ცომაია.

2025 წლის ბიუჯეტის პროექტზე თანდართული, ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2023 წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული 200 კომპანიის ჯამური ფინანსური შედეგები მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც მათ მთლიანობაში 235 მილიონი ლარის ზარალი განიცადეს.

2024 მონაცემებით, 301-ია აქტიური სახელმწიფო კომპანია, რომლებშიც საერთო ჯამში ათობით ათასი დასაქმებულია. სახელმწიფო სექტორს მიკუთვნებული მხოლოდ 86 საწარმოში 15 ათასს 789 ადამიანი მუშაობს, 2000 ადამიანი კი შტატგარეშე დასაქმებულია.

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საწარმოებში კადრების მასშტაბურ ოპტიმიზაცია, რომელიც 2022 წლიდან მიმდინარეობს, დღეს კიდევ ერთხელ დააანონსა. ქართული ოცნების პრემიერ მინისტრის განცხადებით, რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოთა შტატების ოპტიმიზაციამ წელს 52,5 მილიონი ლარის ეკონომია მოუტანა ქვეყანას და მისი თქმით, ეს პროცესი გრძელდება. ამ გზით კობახიძე ეკონომიის გაკეთებას აპირებს სახელმწიფო სიპებსა და შპს-ეებშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები