მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU და გაერო ირანის წინააღმდეგ ადრე მოხსნილი ყველა სანქციას აღადგენენ

ირანის სანქციები

ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ადრე მოხსნილი სანქციის აღდგენას იწყებს - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ავრცელებს.

ირანს ხელახლა დაუწესა ეკონომიკური და სამხედრო სანქციები გაერომაც.

მისი თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭომ ხელახლა დააწესა ის სანქციები და შეზღუდვები, რომლებიც გაუქმდა და რომელიც ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას ეხებოდა.

კალასის განცხადებით, გადაწყვეტილება საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს (E3) მიერ snap back-ის მექანიზმის ამოქმედებას მოჰყვა.

„როგორც JCPoA-ს ერთობლივი კომისიის კოორდინატორმა, მე, E3-თან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევა განვახორციელე ირანთან. სამწუხაროდ, ეს მცდელობები ვერ გახდა საფუძველი 2231-ე რეზოლუციის გაგრძელებისთვის. შესაბამისად, ევროკავშირი დაუყოვნებლივ გააგრძელებს გაეროსა და ევროკავშირის მიერ ადრე მოხსნილი სანქციების აღდგენას“, - აღნიშნავს კალასი.

მისივე თქმით, სანქციებისა და ბირთვული შეზღუდვების ხელახლა დაწესება არ ნიშნავს, რომ დიპლომატიური გზა ამოწურულია.

„ევროკავშირის პოზიციაა, რომ ირანის ბირთვული საკითხის მდგრადი გადაწყვეტა მხოლოდ მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი. ამ მიზნით, გავაგრძელებ თანამშრომლობას ყველა შესაბამის მხარესთან, მათ შორის ირანთანაც. მოვუწოდებ ირანს, დაუყოვნებლივ აღადგინოს თანამშრომლობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან და სრულად შეასრულოს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები“, - ნათქვამია კალასის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები