საქართველოს მუნიციპალიტეტებში ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით საინვესტიციო პროექტების (CESL) განხორციელება იგეგმება. პროექტების პრეზენტაცია გუშინ, 11 ივლისს გაიმართა. ღონისძიების ძირითადი მიზანს წარმოადგენდა, 14 მუნიციპალიტეტის მერს, მისცემოდა შესაძლებლობა, წარმოედგინათ CESL პროექტის ფარგლებში დასაფინანსებლად შერჩეული ინიციატივები.
ასეთი საგრანტო პროექტებია:
ქუთაისი - ბაზარი მცირე მეწარმეებისთვის - იმერეთის მხარის მცირე მეწარმეებს ექმნებათ შესაძლებლობა, მოახდინონ რეალიზება მათი წარმოებული პროდუქციის (მაგ. ჩაი, ხელნაკეთი ნივთები) პირდაპირ მომხმარებლებზე, ქალაქის ცენტრში განთავსებულ სავაჭრო ქოხებში.
ბაღდათი - ღვინის ლაბორატორია - დასავლეთ საქართველოს მეღვინეებს აღარ უწევთ ლაბორატორიული ანალიზისთვის, სინჯების თბილისში გაგზავნა - აღნიშნულ სერვისს ახალი ღვინის ლაბორატორია უზრუნველყოფს.
ხარაგაული - ინოვაციების ცენტრი - ადგილობრივი მოსახლეობისთვის სწავლის შესაძლებლობების ზრდა და გაუმჯობესება, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით.
ლენტეხი - აგრობაზარი - წლის განმავლობაში, ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის უწყვეტი ხელმისაწვდომობა ძირითად საჭიროებებზე; მეწარმეებისთვის, კი სივრცე, რომელიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლებსა და მომხმარებლებს პროდუქტის ხელიდან-ხელში, ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობას მისცემს.
სამტრედია - რიონის ბორანი - მდინარე რიონზე, სამტრედიასა და ვანის მუნიციპალიტეტებს შორის დამაკავშირებელი მეტად ეფექტური და მოსახერხებელი სატრანსპორტო გადამზიდი საშუალება, რომელიც მოემსახურება, როგორც ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს, ისე გამოიყენება ავტომობილებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადასაზიდად.
ახმეტა - ბახტრიონის ტყე-პარკი - სადღესასწაულო, საფესტივალო და შეკრებების (თავშეყრის), სივრცე, ადგილობრივი საზოგადოებისა და ვიზიტორებისთვის განახლებულ პარკში - ასევე, ახალი კომერციული პოტენციალი.
ყვარელი - სივრცე მცირე მეწარმეებისთვის - ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განლაგებული კომერციული ფართები საშუალებას აძლევს მცირე მეწარმეებს პროდუქციის რეალიზაცია მოახდინონ ტურისტებზე.
გურჯაანი - ყველაწმინდის მონასტრიდან სოფ. ფხოველამდე - კახეთში ჩასულ ტურისტების ღვინის დაგემოვნების გარდა აქვთ ალტერნატიული შესაძლებლობა - გაიარონ ბილიკი უნიკალური ეკლესიისკენ.
სიღნაღი - „ქიზიყის კარიბჭე“ - სიღნაღის გზაზე მოგზაურთათვის აღდგენილი სივრცე, ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციის შესაძლებლობით.
ელავი - ცივის მთის კალთებზე ტურისტული საფეხმავლო და ველო ბილიკები - კახეთის მხარის პოტენციალის გამოყენება, ღვინისა და საკვების გარდა, ვიზიტორებისთვის სხვა ალტერნატივების მიწოდების მიზნით.
ლანჩხუთი - კოლხეთის ეროვნული პარკი - ეროვნული პარკის სამხრეთ შესასვლელის განვითარება (გურიის მხრიდან) და სანაოსნო ტურების ხელშეწყობა. შავი ზღვის სანაპიროდან შემოსული ტურისტების მოზიდვა, შედეგად - ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.
ჭიათურა - Via Ferrata - ჭიათურის გეოგრაფიული და ინდუსტრიული წარსულის გათვალისწინებით, ქალაქში, ახალი ტურისტული მიზიდულების სივრცის მოწყობა, შედეგად კი ტურიზმის სფეროში დასაქმებული კერძო სუბიექტების და მუნიციპალიტეტის შემოსავლების ზრდის კატალიზება.
დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი - ვიზიტორების მოზიდვასთან ერთად, ადგილობრივი მუზეუმის განვითარების მიზანია, ახალი სივრცისთვის დამატებითი ფუნქციის მინიჭება, მისი საზოგადოებრივი აქტივობებისა და თავშეყრის წერტილად გარდაქმნა, ადგილობრივი ტურისტული ეკონომიკის დივერსიფიკაცია და ახლომდებარე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი, განსაკუთრებული კულტურულ-ისტორიული შინაარსის მქონე ექსპონატების სათანადოდ გამოფენა.
ცაგერი - საირმის სვეტები - ვიზიტორთა ადგილზე წვდომის ხელშეწყობა, ნაკადების ზრდის სტიმულირება, ხის ჯიხურების დამონტაჟება, როგორც მექანიზმი ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვების ზრდის და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების.
შეგახსენებთ, ევროკავშირის 6.5 მლნ ევროს დაფინანსებით, ხოლო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს 1 მლნ ევროს კონტრიბუციით, GIZ 4-წლიან პროგრამას - EU4ITD - „ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ ახორციელებს, რათა გამოავლინოს გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი საქართველოს ოთხ რეგიონში - გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი. პროექტის მიზანია, მოხდეს არსებული, მაგრამ აუთვისებელი პოტენციალის "კატალიზირება", დადებითი ეკონომიკური და სოციალური შედეგების მისაღწევად. შესაბამისად, პროგრამა მიზნად ისახავს, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რეგიონებიდან მიგრაციის შემცირებას და იმ მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას, რომლებიც საქართველოს რეგიონებში, საცხოვრებლად გადასვლას ამჯობინებენ.
პროექტი, ძირითადად მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობს და თითქმის 4 წელი (2025 წლის სექტემბრამდე) გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივები (მაგ. ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა) გამიზნულია ხელი შუწყოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების დაახლოვებასა და თანამშრომლობას.