მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპის ქვეყნები, რომლებიც თავდაცვაზე ყველაზე მეტს ხარჯავენ

სამხედრო

გასულ წელს ევროპელი ნატოს წევრების სამხედრო ხარჯები ისეთი ტემპით გაიზარდა, როგორიც 1953 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა - ამის შესახებ Euronews-ი წერს.

აშშ-ის ზეწოლის შემდეგ - როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ნატოს მოკავშირეები თავდაცვის ხარჯების მიზნობრივი მაჩვენებლების შეუსრულებლობის გამო გააკრიტიკა - 2025 წელს თავდაცვაში კონტინენტის ინვესტიციები 14%-ით გაიზარდა და 865 მილიარდ დოლარს მიაღწია.

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემებით, ეს 1950-იანი წლების შემდეგ ყველაზე მკვეთრი ზრდაა და 10 წლის წინანდელ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

SIPRI-ს თანახმად, გასულ წელს ბერლინმა თავდაცვაში დაახლოებით 114 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც 2024 წელთან შედარებით ხარჯების 24%-იანი ნახტომია.

ეს ნიშნავს, რომ გერმანიამ დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო და ევროკავშირში თავდაცვის ყველაზე დიდი ინვესტორი გახდა, მსოფლიოში კი მეოთხე ადგილს იკავებს აშშ-ის ($854 მლრდ), ჩინეთისა ($336 მლრდ) და რუსეთის ($190 მლრდ) შემდეგ.

კიდევ რომელი ქვეყნები ზრდიან სამხედრო ხარჯებს?

კიდევ ერთი მსხვილი ეკონომიკა, რომელიც სამხედრო ხარჯების გაზრდას არ ერიდება, იტალიაა (20%-იანი მატებით). ის ახლა სამხედრო ხარჯებით ისრაელთან თანაბარ პოზიციაზეა.

ესპანეთი, რომელიც ნატოში ტრადიციულად ჩამორჩენილთა სიაში იყო, კიდევ უფრო შორს წავიდა 50%-იანი ნახტომით. მან 90-იანი წლების დასაწყისის შემდეგ პირველად აამაღლა თავისი სამხედრო ხარჯები ალიანსის წინა სამიზნე ნიშნულამდე - მშპ-ს 2%-მდე.

ქვეყანა თავდაცვაზე 2025 წლის დანახარჯი (მლრდ $) ცვლილება 2024-ის შემდეგ
აშშ 854 -7.5%
ჩინეთი 336 7.4%
რუსეთი 190 5.9%
გერმანია 114 24%
ინდოეთი 92.1 8.9%
გაერთიანებული სამეფო 89.0 -2.0
უკრაინა 84.1 20%
საუდის არაბეთი 83.2 1.4%
საფრანგეთი 68.0 1.5%
იაპონია 62.2 9.7%
ისრაელი 48.3 -4.9%
იტალია 48.1 20%
სახმრეთ კორეა 47.8 2.6%
პოლონეთი 46.8 23%
ესპანეთი 40.2 50%
კანადა 37.5 23%
ავსტრალია 35.3 3.0%
თურქეთი 30.0 7.2%
ნიდერლანდები 28.9 14%
ალჟირი 25.4 11%

ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს მშპ-სთან მიმართებით?

თავდაცვის ხარჯების მშპ-სთან ფარდობის განხილვა უფრო ნათელ სურათს იძლევა იმის შესახებ, თუ ვინ განიხილავს თავდაცვას ეროვნულ პრიორიტეტად.

უკრაინის გამოკლებით (რომლის მაჩვენებელი დაახლოებით 40%-ია), მსოფლიო ლიდერი ალჟირია შთამბეჭდავი 8.8%-ით. ევროპაში კი მოწინავე ქვეყნები რუსეთს ესაზღვრებიან.

პოლონეთი პირველ ადგილზეა, რომელიც მშპ-ს 4.5%-ს იარაღსა და თავდაცვის ინფრასტრუქტურაზე მიმართავს.

მეორე ადგილზეა ლატვია 3.6%-ით, მას მოსდევს ესტონეთი (3.4%) და ნორვეგია (3.3%). რეიტინგის ბოლოში კი ისლანდია (ფაქტობრივად 0%), ირლანდია (0.2%) და შვეიცარია (0.8%) არიან.

კონტინენტის ხუთ უმსხვილეს ეკონომიკას შორის, მიუხედავად 2025 წელს სამხედრო ხარჯების მცირედი კლებისა, დიდი ბრიტანეთი კვლავ რჩება ყველაზე მსხვილ ინვესტორად მშპ-სთან მიმართებით (2.4%). მას მოსდევს გერმანია (2.3%), ესპანეთი (2.1%), საფრანგეთი (2%) და იტალია (1.9%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები