გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, მომავლის საბრძოლო საავიაციო სისტემის (FCAS) მასშტაბური პროგრამა შეჩერდა.
მედიის ინფორმაციით, დაახლოებით €100 მილიარდად შეფასებული პროექტი მიზნად მეექვსე თაობის საბრძოლო თვითმფრინავის, ასევე შეიარაღებული და უპილოტო საფრენი აპარატების ინტეგრირებული საჰაერო საბრძოლო ქსელის შექმნას ისახავდა. ეს ინიციატივა ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს თავდაცვით პროგრამად მიიჩნეოდა, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის თანამშრომლობა კი კონტინენტის სტრატეგიული ავტონომიისა და სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურებოდა, თუმცა FCAS-ის სახელით ცნობილი პროექტი ჩავარდა.
როგორც ირკვევა, პროექტის შეჩერების მიზეზი ტექნიკურ მახასიათებლებზე, ლიდერობის პასუხისმგებლობებზე, წილებსა და ტექნოლოგიების გადაცემაზე არსებული ხანგრძლივი უთანხმოება გახდა.
ამასთან, პროგრამის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვან დაბრკოლებად იქცა მონაწილე თავდაცვით კომპანიებს შორის პატენტების ფლობის, წარმოების ვალდებულებებისა და წამყვან ტექნოლოგიებზე წვდომის საკითხებში არსებული აზრთა სხვადასხვაობა.
ანალიტიკოსების შეფასებით, აღნიშნული საავიაციო პროგრამა ევროპის მომავალი თავდაცვის არქიტექტურის ქვაკუთხედად მიიჩნეოდა, ამიტომ ერთობლივი პროექტის შეჩერება სერიოზული დარტყმაა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მცდელობისთვის. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, აშშ და ჩინეთი მე-6 თაობის ავიაგამანადგურებლების შექმნაზე უკვე აქტიურად მუშაობენ და Boeing F-47 პირველ გაფრენას 2028 წელს შეძლებს.




























