ევროკომისია არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის გაზრდის მიზნით ახალ საკანონმდებლო წინადადებას წარადგენს. ამის შესახებ წერილშია აღნიშნული, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წევრ ქვეყნებს ევროკავშირის 17-18 ოქტომბრის სამიტის წინ გაუგზავნა. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ლიდერები ბრიუსელში განიხილავენ სწორედ მიგრაციაა.
ლაიენი, რომელმაც ახლახან დაიწყო მუშაობა ევროკომისიის ხელმძღვანელის პოზიციაზე მეორე ხუთწლიანი ვადით, მიუთითებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან არალეგალი მიგრანტების დაბრუნების მაჩვენებელი ამჟამად მხოლოდ 20%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანების უმრავლესობა, რომლებსაც ევალებათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დატოვება, ამას არ აკეთებენ, რჩებიან და სხვა წევრ ქვეყანაში გადადიან.
ის მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აღიარონ ერთმანეთის გადაწყვეტილებები, რათა უზრუნველყონ, რომ მიგრანტებს არ შეეძლოთ სისტემაში ხვრელების გამოყენება და სხვა წევრ ქვეყანაში ამ გადაწყვეტილებისთვის თავის არიდება.
აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც იტალიამ ალბანეთთან შეთანხმებით აამოქმედა სქემა, რომლის მიხედვითაც ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების ნაწილი ალბანეთში მიჰყავთ. ლაიენის თქმით, ბლოკს შეუძლია ისწავლოს გაკვეთილი იტალიის სადავო პოლიტიკიდან. იტალიამ ალბანეთში მიგრანტთა მიმღები ორი ცენტრი ააშენა, სადაც მიგრანტების პირველი ნაკადი უკვე გადაიყვანეს. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში მიდგომების გამკაცრება მიგრაციის საკითხის გამწვავებას უკავშირდება.