საერთშორისო მედიის ცნობით, ევროკავშირის ოფიციალური პირები ამ კვირაში უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდის ახალი გეგმის განხორციელებას დაიწყებენ.
ახალი გეგმა მიზნად ისახავს, ათობით მილიარდი ევროს გამოყოფას უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებებისთვის.
ამ ნაბიჯით ევროკავშირი უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების პროგრამის განახლებას ცდილობს. ამასთან, The Wall Street Journal-ი წერს, რომ ევროკავშირში არის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო, რომლებიც უკრაინისთვის ერთიანი დახმარების 50 მილიარდი ევროს პაკეტს ბლოკავენ. პარალელურად, ევროპის რიგმა ქვეყნებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება ინდივიდუალურად გაზარდეს. რაც შეეხება აშშ-ს, კონგრესს დაფინანსების კანონპროექტი ჯერ არ მიუღია.
EU-ს დახმარების პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში, გეგმა უკრაინისთვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში ევროკავშირის 20 მილიარდ ევროზე მეტი თანხების გადაცემას ითვალისწინებს.
ევროპული დახმარება დამტკიცების შემთხვევაში სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის მიწოდებას და ასევე, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიასთან თანამშრომლობას მოიცავს.
წინადადება ცხრა პრიორიტეტს მოიცავს:
- სამხედრო ტექნიკითა და აღჭურვილობით დახმარება;
- უკრაინელი სამხედროების მომზადება;
- უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიასთან თანამშრომლობა;
- კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა;
- განაღმვით ოპერაციებში დახმარება;
- ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული რეფორმების განხორციელება;
- იარაღის მარაგის კონტროლის უნარის გაძლიერება;
- ბირთვული უსაფრთხოების ძალისხმევის მხარდაჭერა;
- დაზვერვის გაზიარება, მათ შორის სატელიტური გამოსახულება.
პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ 2024 წლის ბოლოსთვის ევროკავშირი წელიწადში 1,3 მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვის წარმოებას შეძლებს. წარმოებული საბრძოლო მასალის უმეტესი ნაწილი უკრაინაში, რუსეთის აგრესიასთან გამკლავებისთვის გაიგზავნება.
შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბერში უკრაინისთვის EU სახელმწიფო დახმარების პაკეტი ევროკავშირმა უნგრეთის ვეტოს მიუხედავად დაამტკიცა.
2024 წლის 22 იანვარს გამოცემა Bloomberg-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, თუ მომავალ კვირას, ევროპული საბჭოს სამიტზე პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი გააგრძელებს უკრაინის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის დაბლოკვას, გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ევროკავშირის 26 ქვეყანა უნგრეთის მონაწილეობის გარეშე მიიღებს.
გამოცემის თქმით, ბრიუსელში, ამ სცენარისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს.