ევროკავშირი გეგმავს რუსულ გაზზსა და ნავთობზე 2027 წლისთვის დამოკიდებული აღარ იყოს, ხოლო მიმდინარე წლის გეგმა დამოკიდებულების ⅔-ით შემცირებაა. ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში ევროკომისარმა პაოლო გენტილონიმ ერთ-ერთ იტალიურ გამოცემას განუცხადა.
მისივე თქმით, წელს ევროკავშირს ეკონომიკური ზრდის თავდაპირველი პროგნოზის შემცირებაც მოუწევს, რაც 4%-იან ზრდას ითვალისწინებდა. ევროპაში მიმდინარე ომის გამო საერთაშორისო სავალუტო ფონდმა [IMF] ევროზონას 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.9%-დან 2.8%-მდე უკვე შეუმცირა.
რუსეთისთვის ენერგეტიკული ემბარგოს დაწესების საკითხზე ევროკავშირის შიგნით ერთიანი პოზიცია არ არსებობს. ამის შესახებ უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა ჯოზეფ ბორელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა. რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხი ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტში უნდა ყოფილიყო, რომლის მიღებასაც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა ითხოვს. რუსეთი ევროპის ყველაზე მსხვილი ნავთობის მიმწოდებელია. Reuters-ი ევროსტატზე დაყრდნობით წერს, რომ 2020 წლის მონაცემებით, ევროკავშირში იმპორტირებული ნავთობის მეოთხედზე მეტი რუსეთზე მოდიოდა.




























