მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ის აღმასრულებელ ინსტიტუტებთან კომუნიკაციის დაპაუზება არ მგონია რომ გამართლებულია - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე

ადვოკატთა ასოციაცია
29.11.24 16:53
628

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი აცხადებს, რომ "ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის 4 წლით გადავადება მძიმე გადაწყვეტილებაა". ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს და ქვეყანას სიმტკიცისკენ მოუწოდებს.

"ევროპის პარლამენტის რეზოლუციის (რაც არ უნდა უსამართლო და მიკერძოებული იყოს იგი) პასუხად ევროკავშირის აღმასრულებელ ინსტიტუტებთან კომუნიკაციის დაპაუზება, ნაცვალგების პრინციპზე დაფუძნებულ პოლიტიკად უფრო აღიქმება და არ მგონია რომ გამართლებულია.

ვისაც რაიმე შეხება ჰქონია ინტეგრაციულ საკითხებთან და ევროპულ ინსტიტუტებთან ურთიერთობის მცირე გამოცდილება მაინც გააჩნია, მისთვის ცხადია, რომ ევროპული პოლიტიკა რთული და მრავალწახნაგიანი პროცესია. ამ ორბიტაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ევროპული ქვეყნის საგარეო ინტერესები, ევროკავშირის ბიუროკრატია, განსხვავებული იდეოლოგიის პოლიტიკური ჯგუფები, პროფესიული გაერთიანებები და ა.შ.

გაგიკვირდებათ, და ამ გზაზე შეხვდები არაერთ ევროსკეპტიკოსს, გაფართოების ძლიერ მოწინააღმდეგეს, იდეოლოგიურად ანგაჟირებულ და უბრალოდ, პოპულისტ პოლიტიკოსს. თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არ უნდა გახდეს ჩვენი იმედგაცრუების მიზეზი, ესაა ბუნებრივი მოცემულობა ამ გეოპოლიტიკურად არეულ სამყაროში.

ამიტომ, მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანამ აუცილებლად უნდა გააგრძელოს ინტეგრაციის პროცესში მონაწილეობა, უნდა გააგრძელოს ემოციების გარეშე, პრაგმატულად და ცივი გონებით, გააგრძელოს მანამ სანამ თუნდაც 1% შანსი მაინც არსებობს წარმატების. მტკიცედ საქართველო", - წერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები