მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ის ბიუროკრატიას საქართველოსთან დიალოგის აღსადგენად ქმედითი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია ადასტურებს იმას, რომ EU-ის ბიუროკრატიას საქართველოსთან დიალოგის აღსადგენად ქმედითი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი. ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან გააკრიტიკა დოკუმენტი და აღნიშნა, რომ ის დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების უარყოფას წარმოადგენს.

„ევროპარლამენტმა პრაქტიკულად ხაზი გადაუსვა ქართველი ხალხის მიერ ბრძოლით და სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს და შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეას. რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული ანგარიშით ევროპარლამენტმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის განსაზღვრის უფლება არა ქართველ ხალხს, არამედ ბრიუსელის პოლიტიკურ ბიუროკრატიას ეკუთვნის. სწორედ მას შეუძლია გადაწყვიტოს, ვინ უნდა მართავდეს სახელმწიფოს და რომელი ხელისუფლებაა მისთვის მისაღები. ეს დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების უარყოფას წარმოადგენს. ასეთ ურთიერთობაში იკვეთება არა თანასწორ პარტნიორთა კავშირის, არამედ ფეოდალური ვასალიტეტის ლოგიკა, რომლის მიხედვითაც სუვერენიტეტი ხალხის ბუნებრივი უფლება კი არ არის, არამედ ზემოდან მინიჭებული უფლებაა. ამგვარად, ევროპარლამენტმა თავის ბოლო ანგარიშში თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას, მაშინ როდესაც რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ამბობს აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე.

ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიას ქმედითი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი საქართველოსთან დიალოგის აღსადგენად. ამისთვის აუცილებელია შეწყდეს ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკა. დასრულდეს დეზინფორმაცია საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, სრულად იყოს აღიარებული საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი და განუხრელად იქნეს დაცული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: 24 ივნისს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა საქართველოზე კრიტიკულ რეზოლუციას. რეზოლუცია დეტალურად აღწერს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის უწყვეტ პროცესს. დოკუმენტში ხაზგასმულია სამოქალაქო საზოგადოებაზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიასა და განსხვავებულ აზრზე განხორციელებული სისტემატური ზეწოლა. პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ქვეყანაში ამჟამად არ არსებობს გარემო ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.

PACE მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვისა და მათი ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ. ასამბლეა აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ ამ გზის გაგრძელება საქართველოში ფაქტობრივად, ერთპარტიულ დიქტატურას დაამყარებს, რაც შეუთავსებელია ევროპის საბჭოს წევრობასთან.

რეზოლუცია კატეგორიულად მოითხოვს მთელი რიგი რეპრესიული კანონების დაუყოვნებლივ გაუქმებას. კერძოდ, დასახელებულია კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (FARA), სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები და კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“. ის ასევე გმობს მიმდინარე თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მათ ხელმძღვანელობაზე, ისევე როგორც დამოუკიდებელ მედიაზე.

ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შეუერთდეს დაწესებულ შეზღუდვებს, შეწყვიტოს ტვირთების საბოლოო დანიშნულების ადგილის შენიღბვის ხელშეწყობა და დააწესოს მკაცრი საბაჟო კონტროლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები