მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"EU-ის გაფართოების არცერთ ანგარიშში დემოკრატიულ უკუსვლაზე ამდენი საუბარი აქამდე არასდროს ყოფილა" - მარტა კოსი

მარტა კოსი

EU-ს გაფართოების არცერთ ანგარიშში [ქვეყნის დემოკრატიულ] უკუსვლაზე ამდენი საუბარი აქამდე, ალბათ, არასდროს ყოფილა - ასე შეაფასა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა საქართველოს პოზიცია ევროკავშირის გაფართოების 2025 წლის ანგარიშში, რომელიც კომისიამ დღეს წარადგინა.

პრესკონფერენციაზე მარტა კოსმა აღნიშნა, რომ ამჯერად, კანდიდატის სტატუსი საქართველოს მხოლოდ ფორმალურად რჩება.

"საქართველოში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, შეინიშნება დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა. EU-ს გაფართოების არცერთ ანგარიშში [ქვეყნის დემოკრატიულ] უკუსვლაზე ამდენი საუბარი აქამდე, ალბათ, არასდროს ყოფილა. ვნახეთ კანონის უზენაესობის სწრაფი გაუარესება და ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვა. საჭიროა, რომ საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ შემოაბრუნოს თავისი კურსი, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ევროპულ მომავალს და ჩვენ მათი მხარდამჭერი ვართ. კომისიისთვის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე რჩება", - განაცხადა ევროკომისარმა.

ევროკომისიამ დღეს EU-ს კანდიდატი ქვეყნების შესახებ გაფართოების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში დემოკრატიული ვითარების გაუარესებას ეთმობა და აღნიშნულია, რომ როგორც ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ დაასკვნა საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი "დე ფაქტო გაჩერებულია", ხოლო 2025 წელს კი დამატებით დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში "მნიშვნელოვანი უკუსვლა" ფიქსირდება.

ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში „გაღრმავდა პოლიტიკური კრიზისი“, რასაც თან ახლდა რეპრესიული კანონმდებლობა, დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება და „მტრული, ანტიევროპული რიტორიკა“. ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ნოემბერში მიიღო გადაწყვეტილება 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც „მნიშვნელოვნად უხვევს ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრულ ევროპული კურსიდან“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები