მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“EU-ის კანდიდატის სტატუსი ქართული სოფლის მეურნეობისთვის უფრო მეტ მუშაობას ნიშნავს“ – ბექა გონაშვილი

ფერმერი

2023 წლის ბოლოს, 14 დეკემბერს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. რა შესაძლებლობებს ქმნის ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის ეს გადაწყვეტილება და რა პასუხისმგებლობაა ეს სოფლის მეურნეობის დარგისთვის - #რედაქტ2-ის ამ კითხვას ფერმერმა და მეწარმემ ბექა გონაშვილმა უპასუხა.

აგროსექტორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრობამდე ქვეყანას ბევრი აქვს გასავლელი და სოფლის მეურნეობაშიც ძალიან ბევრი სამუშაოა გასაწევი.

„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი სოფლის მეურნეობისთვის ნიშნავს უფრო მეტ მუშაობას, იმიტომ რომ უფრო მეტი რეგულაციაა. ყურადღება უფრო ხარისხზე გამახვილდება, იმ ფერმერებისთვის, რომლებიც ფეხს აუწყობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და მიდგომებს, რაშიც იქნება გრანტები, დახმარებები. თუ ამ ყველაფერს ფერმერები სწორად გამოვიყენებთ ჩვენი მეურნეობების მოდერნიზაციას შევძლებთ. ამის კარგი მაგალითია ბალტიისპირა ქვეყნები. როცა ეს ქვეყნები ევროკავშირში შევიდნენ, იქიდან ნახევარი მოსახლეობა ევროკავშირში წავიდა, მაგრამ ახლა ნელ-ნელა მიბრუნდნენ და იქაური ფერმერული მეურნეობები დღეს მოდერნიზებულია.

მათ შეძლეს ქვეყანაში ტექნოლოგიების განვითარება და მცირე ფერმერული მეურნეობების გაზრდა. ამაში წავიდა ის დახმარება, რომელიც ევროკავშირმა მათთვის გამოყო, რათა სტანდარტები დაეკმაყოფილებინათ. მაგრამ ამას თავისი ვალდებულებები მოჰყვება, ეს არის ცხოველთა აღრიცხვა, რეგისტრაცია...

მთავარი ის არის, რომ ჩვენ წვდომა ძალიან დიდ ბაზარზე გვექნება. ეს არ არის ილუზია, თუმცა სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს. არ მგონია, რომ წევრობას ხვალვე მივიღებთ, ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება, რომელიც მგონია, პირიქით, ჩვენთვის შეიძლება კარგი იყოს, რადგან გარდამავალი პერიოდი გვქონდეს. ეს პერიოდი სწორად უნდა გამოვიყენოთ.

ფერმერებმა უნდა შეძლონ დააინტერესონ თავისი შვილები ისწავლონ უცხო ენები, ნახონ საზღვარგარეთ, საზღვარგარეთ სიახლეები ნახონ, ეცადოთ მათ დაუჯერონ და იმ სიახლეების მიხედვით გარდაქმნან თავისი მეურნეობა. ვფიქრობ, ამ გზის გავლა მოგვიწევს“, - განმარტა ბექა გონაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები