ევროკავშირთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" განცხადებებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.
„ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირის მიზნებთან დაკავშირებით გავრცელებული ტყუილი და დეზინფორმაცია წარმატებას ვერ მიაღწევს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველების მშვიდობიან და კეთილდღეობით სავსე მომავალს, რომელიც დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და რეფორმების მტკიცე საფუძვლებზე იქნება აშენებული",- აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც სამინისტრომ X-ზე გაავრცელა.
საგარეო უწყება ასე გამოეხმაურა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებას "ქართული ოცნების" წევრების რიტორიკის საპასუხოდ. პრესსპიკერის 25 ივლისით დათარიღებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი კატეგორიულად უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოში ევროკავშირის როლის შესახებ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს. ბლოკი საქართველოში ყველა პოლიტიკურ ფიგურას, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თავი აარიდონ პროვოკაციულ პირად თავდასხმებს და იმუშაონ მოსახლეობის ევროპული მომავლისთვის.
მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოს მთავრობას ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად პირობების შესრულების ბოლო ვადად 31 აგვისტო განუსაზღვრა, "ქართული ოცნების" წევრები აქტიურად ავრცელებენ ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკას. მათ შორის, პარტიის გენმდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ, მისი შეხედულებით, ევროკავშირის ელჩი საქართველოდან "გასაგდებია" და მასზე რომ იყოს დამოკიდებული, აუცილებლად "გააძევებდა".




























