ევროპის უზენაესმა სასამართლომ Apple-სა და ირლანდიას შორის 10-წლიანი დავა საბოლოოდ დაასრულა და ტექნოლოგიური გიგანტის გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა - ამის შესახებ CNBC იტყობინება.
ევროპულმა კომისიამ Apple-ის გარშემო გამოძიება 2014 წელს დაიწყო, საქმე კომპანიის მიერ ირლანდიაში (სადაც ევროპული სათავო ოფისი მდებარეობს) გადასახადებისთვის თავის არიდებას ეხებოდა. 2016 წელს სასამართლომ ირლანდიას Apple-სგან 13 მილიარდი ევროს ამოღება დაავალა - მოსამართლე ამტკიცებდა, რომ ორი ათწლეულის განმავლობაში ტექნოლოგიური კომპანია სახელმწიფოსგან უსამართლო და უკანონო საგადასახადო შეღავათებს იღებდა.
ორივე მხარემ - Apple-მა და ირლანდიამ, კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც 2020 წელს, სასამართლომ ამერიკული კომპანია გაამართლა, კომისიის 2016 წლის გადაწყვეტილება კი გააუქმა. მაშინ სასამართლო აცხადებდა, რომ ბრალდების მხარეს შესაბამისი მტკიცებულება არ წარუდგენია იმაზე, თუ რა შეღავათებით სარგებლობდა Apple. ევროპულმა კომისიამ კი, თავის მხრივ, სამართალწარმოება უზენაეს სასამართლოში დაიწყო და გენერალური სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
10-წლიანი დავა ევროპული კომისიის სასიკეთოდ დასრულდა - ამერიკულ კომპანიას ირლანდიის სახელმწიფოსთვის 13 მილიარდი ევროს გადახდა დაეკისრა.
"ევროპული კომისია რეტროაქტიულად ცდილობს, წესები შეცვალოს და დააიგნორიროს ფაქტი, რომ, როგორც საერთაშორისო საგადასახადო სამართალი მოითხოვს, ჩვენი შემოსავალი უკვე ისედაც იბეგრებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში", - ნათქვამია Apple-ის ოფიციალურ განცხადებაში.