მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"EU ჯერ თავს შეიკავებს მათრახის პოლიტიკისგან“ - როდის ველოდოთ უვიზო რეჟიმის შეჩერებას და სანქციებს?

თამარ გუგულაშვილი

ევროპარლამენტის "მწვანეთა პარტიის“ საპარლამენტო მრჩეველი თამარ გუგულაშვილი ფიქრობს, რომ „რუსული კანონის“ გამო, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების და პერსონალური სანქციების გადაწყვეტილებას ევროკავშირი 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიიღებს.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, ევროკავშირი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების ხარისხს დააკვირდება - "EU ჯერ თავს შეიკავებს მათრახის პოლიტიკისგან".

თამარ გუგულაშვილის პროგნოზით, ევროპული საბჭოს სხდომაზე, რომელიც 27-28 ივნისს გაიმართება, ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების დაწყებას ოფიციალურად გამოაცხადებს, საქართველოს შესახებ კი, „რუსული კანონის“ მიღების გამო, მკაცრ დასკვნას გამოაქვეყნებს.

"მე პირადად, ველოდები, რომ 27-28 ივნისს, საქართველოს შესახებ აუცილებლად დაიდება ლიდერების საკმაოდ მკაცრი დასკვნა, რადგან ევროკავშირის ყველა უმაღლესი ორგანოს თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაერთი კრიტიკული განცხადება მოვისმინეთ, „რუსული კანონის“ მიღების გამო. არ გამოვრიცხავ, დაასახელონ პერსონალური სანქციები და ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც, რომელსაც დაუკავშირებენ ოქტომბრის არჩევნების ჩატარების პროცესს ანუ შეძლებს თუ არა ქართველი ხალხი თავისი არჩევანი ზეწოლის გარეშე გააკეთოს.

ევროკავშირი დააკვირდება, არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დემოკრატიის მინიმალურ ნორმებს მაინც დაიცავს თუ არა თუ ქართველმა ხალხმა ზეწოლის გარეშე აირჩია ის ძალა, რომელიც მას უნდა, EU პატივს სცემს საქართველოს მოქალაქეების არჩევანს. შესაბამისად, აამოქმედებს თუ არა EU თავის ბერკეტებს, დამოკიდებულია ოქტომბრის არჩევნების ჩატარებაზე; თუ არჩევნები მიტაცებული იქნა, ევროკავშირი უკან არ დაიხევს“, - აცხადებს თამარ გუგულაშვილი.

კიდევ ერთი ფაქტორი, რატომაც ევროპარლამენტის "მწვანეთა პარტიის“ საპარლამენტო მრჩეველი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას და პერსონალურ სანქციებს არჩევნებამდე არ ელოდება, აშშ-ისგან განსხვავებით, საქართველოს მიმართ, ევროკავშირის „თაფლაკვერის პოლიტიკაა“.

„ჩემი აზრით, ევროკავშირი, ამერიკისგან განსხვავებით, საქართველოს ჯერ კიდევ უტოვებს შანსს. EU-ს საქართველოსთვის „თაფლაკვერის პოლიტიკა“ უკვე ამოქმედებული აქვს (კანდიდატი სტატუსი ცხრა დათქმით) და „მათრახის პოლიტიკისგან“ ჯერ თავს შეიკავებს, დაელოდება, როგორ ჩაატარებს საქართველოს ხელისუფლება არჩევნებს და თუ ამასაც ხაზი გადაესმევა, არცერთი ბერკეტის ამოქმედებისგან არ შეიკავებენ თავს“, - აღნიშნა თამარ გუგულაშვილმა.

მისივე თქმით, წერილობითი დასკვნა, რომელსაც 27-28 ივნისს ევროკავშირის ლიდერები საქართველოს შესახებ გამოაქვეყნებენ, „სავსე იქნება ძალიან მკაცრი გაფრთხილებებით“.

„ეს დასკვნა „ქართული ოცნებას“ არ მისცემს იმის თქმის საშუალებას, რომ თქვან - „ერთ საგარეო საქმეთა მინისტრს ეკუთვნისო“. ეს იქნება მთელი ევროკავშირის ლიდერების უმკაცრესი განცხადებას. ამას ველოდები“, - აცხადებს თამარ გუგულაშვილი.

"EU-მ ნახა, რომ მათრახის და თაფლაკვერის პოლიტიკამ საქართველოს მთავრობაზე არ იმუშავა” - ინტერვიუ {არქივი}

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები