მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"EU-მ ნახა, რომ მათრახის და თაფლაკვერის პოლიტიკამ საქართველოს მთავრობაზე არ იმუშავა” - ინტერვიუ

ევროპარლამენტი

ევროპარლამენტის "მწვანეთა პარტიის“ საპარლამენტო მრჩეველი თამარ გუგულაშვილის მოლოდინია, რომ დეკემბერში საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს. BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში მან იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რატომაც ევროკომისიამ 12 რეკომენდაციის შეუსრულებლობის მიუხედავად, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. „ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია მოქალაქეების მისწრაფება ევროკავშირისკენ და ესეც იყო წახალისება ქართველი ხალხის, რომ მათ მომავლის იმედი არ არ დაეკარგოთ“, - ამბობს ევროპარლამენტის "მწვანეთა პარტიის“ საპარლამენტო მრჩეველი.

- ევროკომისიისგან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გვაქვს, მაგრამ იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს... ახლა ბურთი ევროპული საბჭოს მოედანზეა - როგორი მოლოდინები გაქვთ ევროკავშირის სამიტისთვის?

- მოლოდინები საკმარისად დადებითია. როგორც წესი, ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციას ყოველთვის იზიარებს და 95%-იანი შანსია, რომ კომისიის რეკომენდაცია დაკმაყოფილდება და 15 დეკემბერს, ევროკავშირის სამიტზე საქართველო დადებით დასკვნას მიიღებს. ძალიან ცოტა შანსია, რომ საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღოს. ჯერჯერობით, ასეთ პოლიტიკურ სიგნალს ვერ ვხედავთ, თუ საქართველოდან არ წამოვიდა უარყოფითი სიგნალები და რაღაც კატასტროფული არ მოხდა.

- 12 რეკომენდაციის შეუსრულებლობის მიუხედავად, საქართველომ მიიღო დადებითი რეკომენდაცია, თუმცა ცხრა დათქმით. როგორ შეიძლება ვთარგმნოთ ეს გადაწყვეტილება - ევროკომისიამ საქართველო-უკრაინა-მოლდოვის ტრიო არ დაშალა და საკითხს უფრო გეოპოლიტიკურ ჭრილში შეხედა?

- ორივე ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს კონტექსტი. 2022 წლის ზაფხულში ევროპაში და მთელ მსოფლიოშიც სხვა კონტექსტი იყო. ამ ერთი წლის განმავლობაში ისეთი მოვლენები განვითარდა, მათ შორის ჩვენ რეგიონში, რომ ევროკავშირს გეოსტრატეგიული ინტერესების გადაფასება მოუწია. შარშან ზაფხულში, საქართველოსთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებაც მიიღო ევროკავშირმა, ამას ეძახიან თაფლაკვერის და მათრახის მეთოდს - ამ დასჯის პოლიტიკით გვითხრეს, რაზე არის დამოკიდებული დადებითი შეფასება. ძალიან ძნელია 12 რეკომენდაცია და ახლა უკვე ცხრა დათქმად გაწერილი რეფორმები ერთ წელიწადში ამომწურავად შეასრულო, ამიტომ შეფასებისას, ევროკავშირისთვის მთავარია დინამიკა დაინახონ - საით მიდის ქვეყანა, ხდება თუ არა რეფორმების გატარება და ა.შ. მაგალითად რომ ავიღოთ მოლდოვის და უკრაინის შემთხვევები, ევროკომიისიისგან მათაც მიიღეს რეკომენდაციები, რომელიც სტატუსის მიღების შემდეგაც დარჩათ, მაგრამ ახლა რატომ უხსნიან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს უკრაინას, როცა ყველა დათქმა არ აქვს შესრულებული? - ეს არის პოლიტიკური და გეოსტრატეგიული გადაწყვეტილება და ასევე, ევროკომისია ხედავს, რომ დინამიკა არის პოზიტიური და უკრაინა იმ სექტორებში, სადაც ომის გათვალისწინებით შესაძლებელია რეფორმები, წინ მიიწევს.

- საქართველოს ეტყობა მსგავსი მონდომება, რომ სურს რეფორმების განხორციელება?! ვნახეთ, რომ დათქმებს შორის დაემატა ახალი პუნქტი - საქართველომ თავისი საგარეო პოლიტიკა უნდა დაუახლოოს ევროკავშირისას...

- დიახ. თავიდან არ იყო მიჩნეული, რომ ეს იქნებოდა პრობლემური საკითხი და ამიტომ არ მოხვდა 12 პუნქტში, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში პრობლემა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა რიგი ნაბიჯები - აღდგა რუსეთთან პირდაპირი ფრენები და ა.შ. რაც მიუთითებს იმაზე, რომ საერთოდ არ ვემთხვევით ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას, მაშინ როცა კანდიდატის სტატუსის მქონე ასპირანტი ქვეყნები რაშიც უნდა დაეთანხმონ ევროკავშირს, სწორედ საგარეო პოლიტიკაა; საქართველომ ეს ვალდებულება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო, ამიტომაც არ ჩაგვიწერეს 12 რეკომენდაციას შორის, რადგან ითვლებოდა, რომ შეხსენება არ გვჭირდებოდა; თუმცა გაჩნდა პრობლემები და ამიტომ იძულებულნი გახდნენ, ცხრა დათქმაში ეს დიპლომატიური სიტყვებით ჩაეწერათ. ეს რაზე მეტყველებს - ევროკავშირმა როდესაც საქართველო შეაფასა, ნახა, რომ „თაფლაკვერის და მათრახის“ პოლიტიკამ დიდად არ იმუშავა. ამ ერთ წელიწადში 12 პუნქტის შესრულების მიმართულებითაც არ იყო ისეთი პროგრესი, როგორსაც ელოდნენ და დაემატა საგარეო პოლიტიკის ვექტორთან დაკავშირებით კითხვები. საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული - კითხვა დაისვა ასე: აშკარაა, რომ ჩვენ თუ ამ საკითხზე უარი ვთქვით, გამოდის, რომ კავკასიაში აშკარად ხელს ვკრავთ ამ ქვეყანას <საქართველოს> იქითკენ, რომ უფრო მეტად ინტეგრირდეს რუსეთის გავლენის ზონაში და ეს რამდენად აწყობს ევროკავშირს კავკასიაში?! უკრაინის ომის გათვალისწინებით, გაცილებით მწვავედ გამოჩნდა რომ არ აწყობს; ასევე, ჩვენ რეგიონში არის სერიოზული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რაც იყო და შედეგეად, ევროკავშირის დონეზე რეალისტური დასკვნები გამოიტანეს. ამავე დროს, ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი იყო მოქალაქეების მისწრაფება ევროკავშირისკენ და ესეც იყო ქართველი ხალხის წახალისება, რომ მათ მომავლის იმედი არ დაეკარგოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები