არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელის შეფასებით, საქართველოზე ევროკომისიის გაფართოების ანგარიში არის მძიმე და ტრაგიკული.
„ახლა, დაახლოებით, იმ მდგომარეობაში ვართ, 2003 წელს რომ იყო, როდესაც ევროკავშირის ახალი გაფართოება იწყებოდა და საქართველო კორუფციის ჭაობში იყო ჩაფლული“, - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის კომენტირებისას, რომლის თანახმად, ევროკომისია ევროპულ საბჭოს საქართველოსთან მოლაპარაკების გახსნის რეკომენდაციას არ მისცემს.
თინა ხიდაშელის თქმით, რაც არ უნდა თქვას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ან საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, ამით არაფერი შეიცვლება, რადგან „ევროკომისიის ანგარიშის ფურცლებზე სიტყვები მაგიურად არ გადაკეთდება და საქართველოსთვის კარი არ გაიხსნება“.
„მძიმე, ტრაგიკული, სამწუხარო - ეს სიტყვები გამოხატავს ჩემს განცდას ამ დასკვნაზე. ვფიქრობ, ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ხვდებიან, რა მასშტაბის ტრაგედიასთან გვაქვს, რადგან ჩვენ ახლა, დაახლოებით, იმ მდგომარეობაში ვართ, 2003 წელს რომ იყო, როდესაც ევროკავშირის ფანჯარა ღია იყო - ახალი გაფართოება იწყებოდა და საქართველო კორუფციის ჭაობში იყო ჩაფლული. საქართველომ მაშინ დაკარგა შანსი, რომ 2004 წელს ძალიან დიდი გაფართოების ნაწილი ყოფილიყო. იმის შემდეგ, EU-ის ასეთი დიდი გაფართოება არ ყოფილა.
დღეს, როცა მეორედ გვაქვს შესაძლებლობა რეგიონალური, ჯგუფური გაფართოების პირობებში, დიდი ხნის ოცნება ავიხდინოთ, ტრაგედია, რომლის წინაშე ახლა ვდგავართ, შესაძლებლობას უკარგავს საქართველოს მოქალაქეებს.
ამდენად, ევროკომისიის ანგარიშის შინაარსი არის ისეთი, როგორსაც ვწინასწამეტყველებდით - თუ არჩევნები არ ჩატარდებოდა სამართლიან და თავისუფალ გარემოში, საქართველოს არ დაპატიჟებდნენ მოლაპარაკებების გახსნაზე და ჩამოვარდებოდა იმ სკალიდან, რომლითაც ახლა უკრაინის და მოლდოვის პროგრესს შეაფასებენ, მათი სწრაფი გაწევრიანებისთვის“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.