მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა (არ) შეასრულა საქართველომ EU-ის 9 დათქმიდან - ევროკომისიის გაფართოების ანგარიში

ევროკავშირი

ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების ანგარიში, რომელშიც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის მიმართულებით მიღწეული რეგრესი არის ასახული. დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებას არ ჰქონია პროგრესი ევროკავშირის ცხრა დათქმის შესრულების მიმართულებით და ამასთან ერთად, ხელისუფლებამ ევროპული გზიდანაც გადაუხვია, რაც დე ფაქტო აჩერებს საქართველოს გაწევრიანების პროცესს. შესაბამისად, ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკების გახსნის რეკომენდაციას არ გასცემს.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი 2023 წლის 14 დეკემბერს მიანიჭა იმ დათქმით, რომ ხელისუფლება 9 პრიორიტეტული მიმართულებით აჩვენებდა პროგრესს, თუმცა თავის მხრივ, არ არსებობდა არავითარი გარანტიები იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება მართლაც გამოიჩენდა პოლიტიკურ ნებას, ჰქონოდა პროგრესი EU-ს მიერ განსაზღვრული დათქმების შესრულების მხრივ; თუმცა მხოლოდ 9 დათქმის შესრულების მიმართულებით არსებული ნულოვანი პროგრესი არ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ევროკომისიამ არ გასცა რეკომენდაცია საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე, ამის კიდევ ერთი მიზეზია ხელისუფლების მიერ ევროპული გზიდან გადახვევა, რაც გამოიხატება სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის შემზღუდავი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონების მიღებაში. სწორედ ამ კანონების გათვალისწინებით, ევროკომისიამ აღნიშნა, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.

ევროკავშირის ცხრა დათქმა და მათზე არსებული რეგრესი ასე გამოიყურება:

1) ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და [უცხოურ] ჩარევასთან ბრძოლა;

"აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ევროკავშირთან დაკავშირებული მანიპულირებული ინფორმაციების გავრცელება იზრდებოდა. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის პარლამენტში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის ხელახალი დაბრუნება, ასევე მკვეთრი ანტიევროპული მესიჯების აქტიური ტირაჟირება სახელისუფლებო პარტიის მაღალჩინოსნების და დეპუტატების მხრიდან. წინასაარჩევნო პერიოდში დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელება და ტირაჟირება მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებისა და მთავრობასთან აფილირებული მედიის მხრიდან", - ნათქვამია დოკუმენტში.

2) ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესება;

"საერთო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრის მხრივ ანგარიშის მომზადების პერიოდში საქართველოს თანხვედრა საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზე 49%-ზე შენარჩუნდა, საქართველო კვლავ არ შეუერთდა ევროკავშირის შეზღუდავ ზომებს რუსეთთან, ბელარუსთან და ირანთან დაკავშირებით და დამატებით გაზარდა პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთის სხვადასხვა ქალაქთან. საქართველო აგრძელებდა სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ ევროკავშირთან თანამშრომლობას, თუმცა ამავდროულად ხელისუფლებამ მიიღო ახალი კანონი, რომელიც ოფშორული აქტივების საქართველოში დაუბეგრავ გადმოტანას უზრუნველყოფს", - ნათქვამია დოკუმენტში.

3) პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ დამატებით ბრძოლა - მათ შორის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიურად მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე

"პოლიტიკური პოლარიზაციის დონე კიდევ უფრო გამწვავდა, განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებიდან გამომდინარე. პარტიათაშორისი თანამშრომლობა ევროკავშირის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების მხრივ იყო ლიმიტირებული, რადგანაც სახელისუფლებო პარტიამ საკანონმდებლო ცვლილებების დროს ოპოზიციის წარმომადგენლებთან დიალოგისა და რეალური განხილვების გარეშე მიიღო ცვლილებები და განახორციელა საკადრო დანიშვნები. პარლამენტმა არ უზრუნველყო საკანონმდებლო პროცესში არასამთავრობო სექტორის მოსაზრებების ჩართულობა. გაგრძელდა სახელისუფლებო პარტიის მხრიდან ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მიმართულებით მუქარები, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის რამდენიმე ლიდერის მიმართულებით ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობასა და დაშინებას. 2024 წლის 23 აგვისტოს მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ოპოზიციურ პარტიების უმრავლესობას აკრძალავდნენ. საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა, პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონპროექტების სერიას, რომლებიც პრეზიდენტის შეფასებით ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან შეუთავსებელი იყო და წარადგინა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის შესახებაც," - ნათქვამია დოკუმენტში.

4) თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა - განსაკუთრებით 2024 წელს და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე;

"2024 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შეიტანა ცვლილებები ისე, რომ უგულებელყო ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის მიერ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გაცემული რეკომენდაციები. ამ ცვლილებებით, რომლებიც ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს არაპარტიული წევრების დანიშვნის საკითხს განსაზღვრავს პარლამენტის უბრალო უმრავლესობით და გამორიცხავს სხვა ინსტიტუტების, მათ შორის პრეზიდენტის ჩართულობას შერჩევის პროცესში. 2024 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე აირჩია, თუმცა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ გაცემული რეკომენდაციები ჯერ კიდევ არაა სრულად შესრულებული... 2024 წლის მაისში ოპოზიციასთან ინკლუზიური დიალოგის გარეშე მოხდა ცესკოს მრჩეველთა საბჭოს გაუქმება, რომელშიც სახალხო დამცველი და დამკვირვებელი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. მაისშივე პარლამენტმა კენჭი უყარა გენდერული კვოტირების წესის გაუქმებას, რომელიც წინა კანონმდებლობით 2032 წლამდე უნდა ყოფილიყო ძალაში... არჩევნების დღესთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობით მივლინებული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოკვეთილ იქნა არაერთი ნაკლოვანებები, მათ შორის უკანასკნელ პერიოდში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები საარჩევნო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით, ამომრჩეველთა ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული საკითხები, პროცედურული ხარვეზები და ამომრჩეველთა დაშინება, აღნიშნულს ნეგატიური გავლენა ჰქონდა ამომრჩეველთა მხრიდან პროცესის ნდობაზე. წინასწარი შეფასებები ადასტურებენ, ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას, რაც წინა რეკომენდაციებშიც იყო მკაფიოდ ხაზგასმული," - ნათქვამია დოკუმენტში.

5) საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;

უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო ზედამხედველობის ხარისხი კვლავ ლიმიტირებულია. ამასთან, 2021 წელს ფართომასშტაბიანი მოსმენების საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას ამ დრომდე კონკრეტული პირების ბრალდებების მიმართულებით არავითარი შედეგი არ გამოუღია.

საარჩევნო კოდექსში 2024 წლის მარტში განხორციელებული ცვლილებები ამცირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას. არ მომხდარა ნაბიჯების გადადგმა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის მიმართულებით, რათა სებ-ის საბჭოში არსებული ვაკანტური პოზიციები შევსებულიყო გამჭვირვალე და კონკურენტული გზით. 2023 წლის მარტის შემდეგ არ მომხდარა ნაბიჯების გადადგმა რათა არჩეულიყო სებ-ის პრეზიდენტი, ასევე ვაკანტურია სებ-ის საბჭოს პოზიციები.

პარლამენტის მიერ 2023 წლის ნოემბერში მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები მოიცავდა დებულებებს კომუნიკაციების კომისიის (ComCom) წევრთა არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ", - ნათქვამია დოკუმენტში.

6) ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით;

"2024 წლის მაისში პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, თუმცა ეს ცვლილებები არ პასუხობს იმ სისტემურ და ყოვლისმომცველ რეკომენდაციებს, რომლებიც ასახული იყო როგორც 2023 წლის გაფართოების ანგარიშში, ასევე ვენეციის კომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციაში, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოებს შეეხებოდა," - ნათქვამია დოკუმენტში.

7) ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიური პროცესით. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევების ეფექტური გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვება;

"პარლამენტმა მიიღო ცვლილებები კორუფციის წინააღმდეგ კანონში, რომლითაც განმტკიცდა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის იმუნიტეტი და განისაზღვრა მამხილებელთა დაცვის ნორმები. თუმცა, ანტიკორუფციული ბიუროს არსებული ინსტიტუციური მოწყობა არ აძლევს ამ უწყებას დამოუკიდებლობის სათანადო ხარისხს, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებშიც არის ასახული, რაც შეეხება ამ ბიუროს დამოუკიდებლობას, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და კორუფციული საქმეების საგამოძიებო უფლებებს. ეს საკითხები ამ დრომდე პასუხგაუცემელია. ამასთან, გასაძლიერებელია ძალისხმევა მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ძალისხმევა, ასევე შეზღუდვას საჭიროებს კონკრეტული პირების მოჭარბებული გავლენები პოლიტიკურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ სფეროებზე. ანტიკორუფციული რისკების შეფასების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ იქნა მიღებული. საქართველო ასევე არ შეუერთდა OECD-ის ანტიკორუფციული მონიტორინგის ქსელს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში," - ნათქვამია დოკუმენტში.

8) დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;

"პარლამენტმა არ დაუჭირა მხარი დეოლიგარქიზაციის კანონს, რომელიც პიროვნულ მიდგომას ითვალისწინებდა, მთავრობამ კი 2023 წლის ნოემბერში დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღო. გეგმა აგებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე „სისტემურ“ მიდგომასთან დაკავშირებით. გეგმაში არაა რეგულარული საკონსულტაციო მექანიზმი ყველა საპარლამენტო პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. საქმიანობისა და მისი დროის გადანაწილება არის ძალიან ზოგადი.

2024 წლის აპრილში მიღებული ცვლილებები ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადასახადის გარეშე გადმოტანის შესახებ არ შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას", - ნათქვამია დოკუმენტში.

9) ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის მიღებითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედია პროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი პარლამენტმა 2024 წლის მარტში ვენეციის კომისიის მიერ ამ კანონის გაუქმების შესახებ გაცემული რეკომენდაციის მიუხედავად მოხდა. ეს კანონი ძირს უთხრის მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის, პირადი ცხოვრების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის დებულებებს. იუსტიციის სამინისტროსთვის მინიჭებული რეპორტინგის ფართო მოთხოვნების გათვალისწინებით, არსებობს რისკი ამ კანონმდებლობის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ სელექციურად გამოყენების თაობაზე. გაზრდილია დაშინებისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტები სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკური ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ, ასევე იმ დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს აპროტესტებენ. უმეტესი ასეთი ფაქტები ამ დრომდე სრულფასოვნად არ გამოძიებულა," - ნათქვამია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები