დემოკრატიისა და დემოგრაფიის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, დუბრავკა შუიცა, ევროპის პარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებაზე ევროპარლამენტარებს მოუწოდებს, რომ იმოქმედონ ერთობლივად და ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შესაბამისი ზომები მიიღონ.
სიტყვით გამოსვლისას დუბრავკა შუიცამ ევროპარლამენტარებს საქართველოში ბოლო სამი კვირის განმავლობაში მიმდინარე პროტესტის, ძალისმიერ დაშლილი საპროტესტო აქციებისა და დაპატიმრებული პირების არასათანადო მოპყრობის შესახებ ამცნო.
"თითქმის სამი კვირაა, ქართველი ხალხი ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის ქუჩაში საპროტესტო აქციებს მართავს. უპრეცედენტო პროტესტი მოჰყვა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეწყვიტონ მუშაობა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. მათი ეს ნაბიჯი აშკარა გადახვევაა როგორც ქვეყნის წინა ხელისუფლების პოლიტიკიდან, ასევე მოსახლეობის უმრავლესობის მისწრაფებებიდან. ეს ასევე პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყანა, რომელსაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, ასე სწრაფად შორდება თავის ევროპულ გზას.
საქართველოში სიტუაცია მუდმივად მწვავდება, ბოლო 2 კვირის განმავლობაში დაკავებულია 450-ზე მეტი ადამიანი, დაახლოებით 300 მათგანი არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაზე საუბრობს, ბევრ მათგანს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა. პოლიციამ 400-ზე მეტი ადამიანი ადმინისტრაციული მუხლით, 30-ზე მეტი კი სისხლის სამართლის მუხლით დააკავა, მაშინ, როდესაც ძალოვანი სტრუქტურებისა და არაოფიციალური ძალადობრივი დაჯგუფების არც ერთი წევრი პასუხისგებაში მიცემული არ არის ძალის გადაჭარბებისთვის. თითოეული ეს საქმე არა იზოლირებული შემთხვევებია, არამედ ქართული დემოკრატიის შესუსტების უფრო ფართო კანონზომიერების ნაწილია", - განაცხადა ევროკომისარმა.
შუიცამ აღნიშნა, რომ, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ "უცხოური გავლენისა" და "ოჯახური ღირებულებების" საკანონმდებლო ინიციატივები დაამტკიცა, ევროკავშირმა მმართველი პარტიის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები უკვე მიიღო და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაყინა, თუმცა, მისი თქმით, ბლოკმა კვლავ უნდა იმოქმედოს ერთობლივად.
"ორივე საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებს და ღირებულებებს. ივნისში ამას შესაბამისი ნაბიჯებით ვუპასუხეთ, მათ შორის იყო პოლიტიკური კონტაქტის შემცირება, დახმარების გაყინვა (150 მლნ ევრომდე დაფინანსების შეჩერება), საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერება... ხელისუფლებამ სამოქმედო კურსი არ შეიცვალა.
დროა, ევროკავშირმა იმოქმედოს მტკიცედ და ერთობლივად. ეს არის ის, რასაც ქართველი ხალხი ჩვენგან ელოდება. ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ და ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები რეპრესიების შესაჩერებლად, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული დემონსტრანტები და ხელახლა ჩაერთოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში", - განაცხადა დუბრავკა შუიცამ.
ევროკომისარმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ბლოკი ქართველი ხალხის გვერდით დგომას აგრძელებს და დაფინანსებას, რომლითაც მანამდე საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ სარგებლობდა, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიისკენ გადაამისამართებს.