ევროკავშირი ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციის სახით €200 მილიარდი ევროს მობილიზაციას გეგმავს, - ამის შესახებ პარიზის AI Action სამიტზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
როგორც Euronews იტყობინება, აქედან €20 მილიარდი ევრო AI "გიგაქარხნების" მშენებლობას მიემართება, რომლებიც, ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ყველაზე კომპლექსური AI მოდელების კოლაბორაციული განვითარებისთვისაა აუცილებელი.
მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დააანონსა, რომ მომდევნო წლებში ქვეყანა ხელოვნური ინტელექტის პროექტების განვითარებისთვის €109-მილიარდიან ინვესტიციას გამოჰყოფს. მაკრონმა აღნიშნა, რომ ფრანგული ინვესტიცია ქვეყნისთვის იმის ეკვივალენტია, რაც აშშ-მა Stargate-ის პროექტისთვის გამოყო. Stargate კი OpenAI-ის, Oracle-სა და SoftBank-ის ერთობლივი პროგრამაა, რომლის განხორციელებაშიც აშშ $500 მილიარდს დახარჯავს.
"ამ ყველაფერს ჩვენი ევროპული მიდგომით გავივლით, რაც ღიაობას, თანამშრომლობასა და არაჩვეულებრივ ნიჭს ეფუძნება. თუმცა ჩვენი მიდგომაც საჭიროებს გაძლიერებას. სწორედ ამიტომ, ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან და პარტნიორებთან ერთად, უპრეცედენტო კაპიტალს გავუწევთ მობილიზებას InvestAI პროგრამის ფარგლებში, ევროპული AI გიგაქარხნების ასაშენებლად", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიამ შვიდი AI ქარხნის გახსნა ჯერ კიდევ დეკემბერში დააანონსა. Euronews-ის ინფორმაციით, "გიგაქარხნები" 100 000-მდე ბოლო თაობის AI ჩიპებით იქნება აღჭურვილი, რაც 4-ჯერ მეტია, ვიდრე ამჟამად არსებულ საწარმოებს აქვთ. კომისიის მიზანია, მცირე ზომის კომპანიებსაც კი ჰქონდეთ წვდომა დიდი მასშტაბის კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე.




























