მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-მ რუსული გაზის იმპორტი 45%-იდან 12%-მდე შეამცირა - ფონ დერ ლაიენი ახალი ენერგოკრიზისის საპასუხო ნაბიჯებს განმარტავს

უკრაინა

ევროკავშირი მორიგი მასშტაბური ენერგეტიკული გამოწვევის წინაშე დგას. თებერვლის ბოლოდან მოყოლებული, ევროპის ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასი 140%-ით გაიზარდა, ხოლო დიზელი ორჯერ გაძვირდა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავში ევროპამ დამატებით 100 მილიარდი ევრო დახარჯა, რის გამოც მძიმე წნეხის ქვეშ არიან როგორც ოჯახები, ისე ინდუსტრიული სექტორი.

ევროპარლამენტში გამოსვლისას ფონ დერ ლაიენმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ევროკავშირს ენერგეტიკული შანტაჟისა და კრიზისების გადალახვის გამოცდილება უკვე აქვს.

„ოთხი წლის წინ რუსეთი შეეცადა ჩვენს დაშანტაჟებას. იმ დროს ჩვენი გაზის იმპორტის 45% სწორედ რუსეთიდან მოდიოდა და თითქმის ერთ ღამეში ეს მიწოდება თითქმის სრულად შეწყდა. თუმცა ევროპა ერთიანად დადგა ჩვენ მოვახდინეთ წყაროების დივერსიფიკაცია და მკვეთრად დავაჩქარეთ ინვესტიციები ადგილობრივ სუფთა ენერგიაში. დღეს რუსული გაზის იმპორტი 45%-იდან 12%-მდეა შემცირებული, ხოლო მომავალი წლის ბოლოსთვის მას ნულამდე დავიყვანთ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, 2022 წელს მიღებული სწორი გადაწყვეტილებების წყალობით, დღეს ევროკავშირში ელექტროენერგიის 70%-ზე მეტი ადგილობრივი, სუფთა წყაროებიდან (განახლებადი და ატომური ენერგია) იწარმოება, რაც ევროპას ნაკლებად მოწყვლადს ხდის.

შექმნილი კრიზისის საპასუხოდ, ევროკომისია კვლავ ანალოგიური ლოგიკით მოქმედებას და მოკლევადიან თუ გრძელვადიან ინიციატივებს წარადგენს:

ფონ დერ ლაიენის განმარტებით, ვინაიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განსხვავებული ენერგობალანსი აქვთ (მაგალითად, ზოგ ქვეყანაში ელექტროენერგიის ფასს გაზი განსაზღვრავს, ზოგან კი განახლებადი და ატომური ენერგია), უნივერსალური გამოსავალი არ არსებობს. შესაბამისად, ევროკავშირი ქვეყნებს მოქნილ ინსტრუმენტებს სთავაზობს:

  • მიზნობრივი დახმარება: ევროკომისია აგრძელებს დროებითი სახელმწიფო დახმარების ჩარჩოს მოქმედებას მოწყვლადი ინდუსტრიული სექტორებისთვის და უპირატესობას ანიჭებს დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების მიზნობრივ მხარდაჭერას (მაგალითად, საფრანგეთსა და რუმინეთში მოქმედ ენერგო-ვაუჩერების სისტემას).
  • საერთაშორისო თანამშრომლობა: G7-ის პარტნიორებთან შეთანხმებით, ბაზარზე 100 მილიონი ბარელი დიზელი და ნედლი ნავთობი გამოერიცხება, რაც გლობალური ფასების სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს.
  • ერთობლივი შესყიდვები: ევროკავშირი გეგმავს გადავიდეს მოთხოვნის გაერთიანების ახალ ეტაპზე და ბაზრის ოპერატორს დაავალოს გაზის ერთობლივი შესყიდვები ყველა წევრი ქვეყნისთვის — ისევე, როგორც ეს რუსული შანტაჟის დროს გაკეთდა.

პრესრელიზში წერია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკომისია გამოსავალს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების სრულად შემცირებასა და მწვანე ენერგიაზე გადასვლაში ხედავს. გასულ წელს ევროპაში ქარისა და მზის სადგურებმა უფრო მეტი ელექტროენერგია აწარმოვეს, ვიდრე ერთად აღებულმა წიაღისეულმა საწვავმა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი მიზნად ისახავს 2040 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარების გაორმაგებას („ელექტროფიკაციის სამოქმედო გეგმა“), რაც წიაღისეული საწვავის იმპორტს ყოველწლიურად 260 მილიარდი ევროთი შეამცირებს.

გამოსვლის დასასრულს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მომავალი მრავალწლიანი ბიუჯეტის (MFF) მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ თავდაცვის, უსაფრთხოების, AI-ის, ენერგოინფრასტრუქტურისა და კრიზისული ფონდების დაფინანსება ევროპის კონკურენტუნარიანობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები