ევროკომისიამ რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვაზე საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება გადადო. როგორც Reuters წერს, ევროკავშირის განახლებული საკანონმდებლო დღის წესრიგიდან ცნობილი ხდება, რომ ევროკომისია 15 აპრილს რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას აღარ წარადგენს.
სააგენტოს ცნობით, ეს ირანში მიმდინარე ომს უკავშირდება, რამაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მკვეთრად გააძვირა.
თუმცა ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს უთხრა, რომ ინიციატივა არ გაუქმებულა და ის მაინც გამოქვეყნდება, უბრალოდ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გამო ვადებმა გადაიწია. აღნიშნულმა საკანონმდებლო წინადადებამ ევროკავშირში რუსული ნავთობის იმპორტის სრული აკრძალვა უნდა დააკანონოს.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მონაცემებით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომი ნავთობის მიწოდების მასშტაბურ შეფერხებას იწვევს, რამაც ნედლეულზე გლობალური ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა. 24 მარტს ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ნავთობზე ფასების მკვეთრი ზრდისა და მოსალოდნელი დეფიციტის ფონზე, საგანგებო შეზღუდვები დააწესონ.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი აპირებს 2027 წლისთვის რუსული ნავთობის იმპორტი სამუდამოდ აკრძალოს. Reuters-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირის ერთადერთი ქვეყნები არიან, რომლებიც რუსულ ნავთობს კვლავ ყიდულობენ. ცოტა ხნის წინ, უკრაინამ განაცხადა, რომ რუსულმა დრონებმა უკრაინაში მილსადენი დააზიანეს, რის გამოც ევროკავშირის წევრ ამ ორ ქვეყანაში ნავთობის მიწოდება შეწყდა. ამის საპასუხოდ, უნგრეთმა და სლოვაკეთმა უკრაინა ნავთობის მიწოდების განზრახ შეფერხებაში დაადანაშაულეს. დაპირისპირების გამო, უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილ სესხს ვეტოც დაადო.




























