მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-მა ევროპული მოდის სახლები €157 მილიონით დააჯარიმა

Chloe

ევროკავშირის ანტიმონოპოლიურმა მარეგულირებელმა მაღალი მოდის სახლები - Gucci, Loewe და Chloe - ჯამურად €157 მილიონით დააჯარიმა - მიზეზი საცალო გაყიდვების პარტნიორებისთვის პროდუქტის გასაყიდად ფიქსირებული ფასების დაწესებაა.

მარეგულირებელმა Kerning-ის მფლობელობაში შემავალი Gucci ყველაზე მეტით, €119.7 მილიონით დააჯარიმა, ფრანგული Chloe - €19.7 მილიონით, Loewe კი - €18 მილიონით.

"მოდის ეს სამი კომპანია ხელს უშლიდა საცალო მოვაჭრეების კომერციულ სტრატეგიებს, მათთვის შეზღუდვების დაწესებით, როგორიცაა მოთხოვნა, არ გადაუხვიონ რეკომენდებულ საცალო ფასებს, მაქსიმალურ ფასდაკლებებს და გაყიდვების კონკრეტულ პერიოდებს", - ნათქვამია ევროკომისიის მიერ 14 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

Kering-მა განაცხადა, რომ ევროკავშირის გამოძიება Gucci-სთან თანამშრომლობის შემდეგ დასრულდა და ჯარიმით მიღებული ფინანსური ზარალი ჯგუფის 2025 წლის პირველი ნახევრის შედეგებში უკვე იყო გათვალისწინებული.

LVMH-ის მფლობელობაში მყოფმა Loewe-მ ასევე დაადასტურა ევროკავშირთან გარიგება და პირობა დადო, რომ მუშაობას "ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მკაცრი დაცვით" გააგრძელებს.

Chloe-მ კი, რომელიც Richemont-ის საკუთრებაა, განაცხადა, რომ საკითხს „უკიდურესად სერიოზულად“ ეკიდება და 2023 წელს დაწყებული გამოძიების შემდეგ, უკვე გააძლიერა ზომები კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის დასაცავად.

ევროკომისიის განცხადებით, ამ პრაქტიკამ საცალო ვაჭრობის კომპანიებს ფასწარმოქმნის დამოუკიდებლობა წაართვა და კონკურენცია შეამცირა, ამავდროულად კი, ბრენდების გაყიდვების არხები საცალო ვაჭრობის კომპანიებს მხრიდან კონკურენციისგან დაიცვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები