მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13, უპრეცედენტო, პაკეტი დაამტკიცა

eu

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ორი წლის თავზე, ევროკავშირმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-13 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც “უპრეცედენტო”, 196 სუბიექტის დასანქცირებას ითვალისწინებს, რითაც ევროკავშირის მიერ სანქციების ქვეშ მოქცეული ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების რაოდენობა, 2000-ს აღემატება - ამის შესახებ ევროპული კომისიის ოფიციალური განცხადებიდან ხდება ცნობილი.

“კომისია მხარს უჭერს საბჭოს მიერ რუსეთის საწინააღმდეგოდ შემუშავებული სანქციების მე-13 პაკეტს. რუსეთის მიერ უკრაინაში სასტიკი შეჭრიდან 2 წლის თავზეც, ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე.

მე-13 პაკეტი რუსეთისათვის სამხედრო ტექნოლოგიებზე წვდომის შეზღუდვას ითვალისწინებს და კიდევ უფრო მეტ კომპანიასა და ინდივიდს ასანქცირებს, რომლებიც რუსეთის საომარ ქმედებებში არიან ჩართულნი. სანქციების ახალი პაკეტით იმ ადამიანთა და ორგანიზაციათა რიცხვი, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული არაკანონიერი ომის ხელშეწყობისთვის დასანქცირდა, 2 000-ს აღემატება”, - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

“უპრეცედენტო პაკეტი” 106 ინდივიდის და 88 ორგანიზაციის დასანქცირებას ითვალისწინებს. მათ შორის 140 კომპანია რუსეთის სამხედრო თავდაცვის სექტორს წარმოადგენს. სანქცირებულთა შორის მოხვდა 10 რუსული კომპანიაც, რომლებიც ფედერაციას ჩრდილოეთ კორეიდან შესაბამისი აღჭურვილობით ამარაგებდა. დასანქცირდნენ ბელორუსული კომპანიებიც.

რუსული ოკუპაციისა და ანექსიის წინააღმდეგ EU-ს სანქციების გასაძლიერებლად, საბჭომ დაასანქცირა 10 ოფიციალური პირი და 6 მოსამართლე, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიის ოკუპირებაში ედებათ ბრალი. ბავშვთა უფლებების დასაცავად კი დასანქცირდა 15 ინდივიდი და 2 კომპანია, რომლებიც უკრაინელ ბავშვთა გატაცებაში არიან მხილებული.

“მყარ მტკიცებულებებზე, მათ შორის სავაჭრო და საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით, ახალი პაკეტით სანქცირდება 27 რუსული და მესამე მსოფლიოს ქვეყნები, რომლებიც პირდაპირ არიან ასოცირებულები რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსთან. რუსეთის გარდა, EU ასანქცირებს ჩინეთში, ყაზახეთში, ინდოეთში, სერბეთში, ტაილანდში, შრი-ლანკასა და თურქეთში რეგისტრირებულ კომპანიებსაც.

გარდა ამისა, ევროკავშირი მაქსიმალურად ზღუდავს რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიურ გაუმჯობესების შესაძლებლობას: "ევროკავშირმა შემოიღო დამატებითი შეზღუდვები იმ საქონლის ექსპორტზე, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის სამრეწველო შესაძლებლობების გაძლიერებას, როგორიცაა ელექტრო ტრანსფორმატორები”.

ევროკავშირის ცნობით, სანქციების ახალ პაკეტთან ერთად, გაერთიანებული სამეფო უერთდება პარტნიორი ქვეყნების სიას, რომლებიც რუსეთიდან რკინისა და ფოლადის იმპორტზე შეზღუდვებსა და კონტროლის მექანიზმებს აწესებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები