რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2 წლის თავზე, ევროკავშირი კრემლის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტის მისაღებად ემზადება. სანქცირებულთა სიაში 200-მდე ადამიანი თუ კომპანია ხვდება, როგორც რუსეთიდან, ასევე ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც, სავარაუდოდ, ომის მიმდინარეობისას მოსკოვს დახმარებას უწევენ - ამის შესახებ Financial Times-ი იტყობინება.
ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სანქციების პაკეტის ერთადერთი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა. ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ მიზეზი სანქციების ქვეშ ჩინური კომპანიების მოქცევაა, რასაც უნგრეთი არ ეთანხმება. თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ორბანმა უკრაინის დასახმარებლად შემუშავებულ გეგმას მხარი არ დაუჭირა. გამოცემის ინფორმაციით, ორბანმა სანქციების პაკეტის ანალიზისთვის მეტი დრო ითხოვა.
სანქციების მე-13 პაკეტი EU-ს წევრი ქვეყნების კრიტიკის მიზეზი აქამდეც გამხდარა, რადგან ის სამ ჩინურ და ერთ ინდურ კომპანიას ასანქცირებს. გასულ წელს ევროპული კომისიის მსგავსი შეთავაზება რამდენიმე ქვეყანამ ერთდროულად დაბლოკა. ინიციატივის მიღების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა კონტინენტურ ჩინეთსა და ინდოეთს ევროკავშირის სანქციები შეეხებათ.
სანქციების პაკეტის განხილვა მომავალი კვირიდან კვლავ გაგრძელდება. მისი მომხრეები კი იმედოვნებენ, რომ შეთანხმებას ოთხშაბათამდე, 22 თებერვლამდე მიაღწევენ, რათა 24 თებერვლიდან, ომის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ, სანქციები უკვე ამოქმედდეს.