უნგრეთი ადასტურებს, რომ ევროპული კომისიის ინიციატივას, უკრაინის ეკონომიკის აღდგენისთვის €35-მილიონიანი სესხის გამოყოფის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე - 5 ნოემბრამდე დაბლოკავს - ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
თანხა, რომელსაც უკრაინა სესხის სახით მიიღებდა, გაყინული რუსული აქტივებიდან გამოიყოფოდა. ამასთან, "დიდი შვიდეულის" გეგმები, თავის მხრივ, დამატებით დაფინანსებას გამოყოფდნენ, რითაც სესხის მოცულობა €45 მილიონს მიაღწევს.
Euronews-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები ევროპული კომისიის ამ "უპრეცედენტო გეგმის" სტაბილურობას ეჭვის თვალით უყურებს - რუსეთისთვის აქტივების გაყინვასა და სასანქციო რეჟიმს 27-ვე ქვეყნის თანხმობა სჭირდება, რომელიც 6 თვეში ერთხელ საჭიროებს განახლებას. შესაბამისად არსებობს რისკი, რომ მხოლოდ ერთი ქვეყნის წინააღმდეგობაა საკმარისი იმისთვის, რომ სრული პროექტი გაუქმდეს. კრემლისთვის სანქციების დაბლოკვის მიზეზი კი უნგრეთი არაერთხელ გამხდარა, რის გამოც ბრიუსელმა აქტივებზე დაწესებული სანქციების ვადის 36 თვემდე გახანგრძლივების წინადადებაც წამოაყენა.
უნგრეთი მიიჩნევს, რომ სანქციების რეჟიმის დაწესება 5 ნოემბრამდე მოიცდის.
"გვჯერა, რომ ეს საკითხი - რუსეთისთვის სანქციების გაგრძელება - აშშ-ის არჩევნების შემდეგ უნდა გადაიჭრას. ეს არის უნგრეთის პოზიცია", - განაცხადა უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, ბლოკი ახალი პრეზიდენტის არჩევას უნდა დაელოდოს, რადგან ორივე კანდიდატს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს, რუსული აგრესიის წინააღმდეგ განსხვავებული მიდგომები აქვთ, ევროკავშირმა კი არჩევნების შედეგის მიხედვით უნდა იხელმძღვანელოს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სესხის შესახებ "ბრწყინვალე დიალოგი" გაიმართა, თუმცა ნოემბრამდე მოცდა აუცილებელია.
აღსანიშნავია, რომ უკრაინისთვის სესხის დამტკიცებას ხმათა უმრავლესობა სჭირდება, თუმცა რუსულ აქტივებს რა ბედი ეწევა, ეს ბლოკმა ერთხმად უნდა გადაწყვიტოს.
სესხის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნები დებატებს 9 ოქტომბერს განაახლებენ.