მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ითხოვს ორბანი უკრაინის დახმარების სანაცვლოდ?

ვიქტორ ორბანი

უნგრეთი მზად არის, ევროკავშირის მიერ უკრაინის დაფინანსების პაკეტზე გამოცხადებული ვეტო მოხსნას, თუ ამის სანაცვლოდ, ევროკავშირი უნგრეთს იმ დაფინანსებას აღუდგენს, რომელიც ქვეყანამ დემოკრატიის ხარისხის გაუარესების გამო ვერ მიიღო, - ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხებში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მრჩეველმა, ბალაშ ორბანმა Bloomberg-თან განუცხადა.

ევროკავშირის €50-მილიარდიანი ოთხწლიანი დაფინანსების პაკეტი, რომელიც ორგანიზაციამ ომში მყოფი უკრაინისთვის მოამზადა, 2024 წელს უნდა ამოქმედდეს, რისთვისაც ევროკავშირის ბიუჯეტში ცვლილებები უნდა შევიდეს, მაგრამ, როგორც ამ დრომდე იყო ცნობილი, ამ ხედვას არ იზიარებს უნგრეთი, რომელმაც ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას ვეტო დაადო.

“უნგრეთის მიერ ევროკავშირის ბიუჯეტის დაფინანსება და უკრაინის დაფინანსება ორი განსხვავებული საკითხია, მაგრამ თუ ევროკავშირი დაჟინებით მოითხოვს, რომ უკრაინისთვის ფინანსები ევროკავშირის კორექტირებული ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს, მაშინ ეს ორი საკითხი - ურთიერთდაკავშირებული ხდება”, - განაცხადა ბალაშ ორბანმა და დასძინა, რომ უნგრეთი უკრაინის დაფინანსების ოთხწლიან გეგმას ეწინააღმდეგება და ურჩევნია, ევროკავშირმა უკრაინას ერთწლიანი პაკეტი გამოუყოს, რათა გაერთიანების საერთო ბიუჯეტის კორექტირება საჭირო არ იყოს. ამასთან, როგორც ორბანმა განაცხადა, უნგრეთი დაფინანსების ასეთ პაკეტში მონაწილეობაზე დაფიქრდება.

ცოტა ხნის წინ, უნგრეთის ხელისუფლებამ რამდენიმე კანონი მიიღო, რომლებიც ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ისახავდა, რის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უნგრეთი ევროკავშირისგან €10 მილიარდს მიიღებდა, მაგრამ ეს თანხა, როგორც ჩანს, ოფიციალურ ბუდაპეშტს არ აკმაყოფილებს. ბალაშ ორბანის თქმით, უნგრეთი ევროკავშირისგან €30-მილიარდიანი ტრანშის გადმორიცხვას ელოდება, რომელიც ევროკავშირმა შარშან შეაჩერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები