მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-მა რვა წევრს €74 მლრდ-ის ღირებულების თავდაცვის საინვესტიციო გეგმები სესხის სახით დაუმტკიცა

s.a.f.e

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა კიდევ რვა წევრი სახელმწიფოს თავდაცვის საინვესტიციო გეგმები დაამტკიცეს. ამ გეგმების ღირებულება კომისიის თავდაცვის სასესხო სქემის დაახლოებით ნახევარს შეადგენს - ამის შესახებ Euronews წერს.

ესტონეთის, საბერძნეთის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და ფინეთის გეგმების ჯამური ღირებულება 74 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს თანხა "უსაფრთხოების ქმედება ევროპისთვის" (SAFE) ფინანსური ინსტრუმენტის ფარგლებში გამოყოფილი 150 მილიარდი ევროს ნახევარია. მხოლოდ პოლონეთმა 43 მილიარდ ევროზე მეტი მოითხოვა.

"ეს გადაწყვეტილებები გზას გაუხსნის კომისიის მხრიდან SAFE-ის ინსტრუმენტის ფარგლებში ხელმისაწვდომი და გრძელვადიანი სესხების გაცემას, რაც ადასტურებს, რომ ევროკავშირი თავდაცვის კუთხით ქმედით ნაბიჯებს დგამს", - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, კვიპროსის წარმომადგენელმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა გასულ კვირას თავდაცვის მინისტრების მიერ საინვესტიციო გეგმების პირველ ნაკადზე გაცემულ თანხმობას, რომელიც ბელგიას, ბულგარეთს, დანიას, ესპანეთს, ხორვატიას, კვიპროსს, პორტუგალიასა და რუმინეთს მოიცავს; მათი ჯამური ღირებულება 38 მილიარდი ევროა.

SAFE-ის ფარგლებში ფინანსური დახმარების მისაღებად განაცხადი სულ 19-მა წევრმა სახელმწიფომ გააკეთა. ჩეხეთი, საფრანგეთი და უნგრეთი ჯერ კიდევ ელიან კომისიის თანხმობას, რაც აუცილებელია მანამ, სანამ ისინი თავიანთ გეგმებს მინისტრებს საბოლოო დასამტკიცებლად წარუდგენენ.

ეს კი ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს საშუალებას მისცემს, მათთან სასესხო ხელშეკრულებები გააფორმოს და წინასწარი დაფინანსების თანხები გასცეს, რაც მოთხოვნილი თანხის 15%-მდე შეიძლება იყოს.

შემდგომი ტრანშები გაიცემა იმ რეგულარული ანგარიშების საფუძველზე, რომლებიც წევრმა სახელმწიფოებმა ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს უნდა წარუდგინონ.

SAFE კომისიის გეგმა "მზადყოფნა 2030"-ის (Readiness 2030) ნაწილია, რომელიც ათწლეულის ბოლომდე თავდაცვის სფეროში 800 მილიარდ ევრომდე თანხის მობილიზებას ისახავს მიზნად. პროგრამა პრიორიტეტული თავდაცვის პროდუქტების შესყიდვის სტიმულირებას ემსახურება.

ეს მოიცავს საბრძოლო მასალებსა და რაკეტებს, საარტილერიო სისტემებს, დრონებსა და ანტიდრონულ სისტემებს, ასევე საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებს, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და კოსმოსური აქტივების დაცვას, კიბერუსაფრთხოებას, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებსა და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებს.

სქემის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ის, რომ შეძენილი აღჭურვილობა უნდა იყოს ევროპული წარმოების, ხოლო კომპონენტების ღირებულების არაუმეტეს 35% უნდა მოდიოდეს ევროკავშირის, ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA-EFTA) ან უკრაინის ფარგლებს გარედან.

სქემა შექმნილია იმ წევრი ქვეყნების ხელშესაწყობად, რომელთა საკრედიტო რეიტინგი კომისიის რეიტინგზე დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სესხს უკეთესი პირობებით მიიღებენ.

გასული წლის მიწურულს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ წევრ სახელმწიფოებში სქემის პოპულარობიდან გამომდინარე (მოთხოვნა ლიმიტს აღემატებოდა, რადგან 19-მა მონაწილე ქვეყანამ თავდაპირველად 150 მილიარდ ევროზე მეტი მოითხოვა), შესაძლოა პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები