ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, რუსეთისა და ბელორუსის მიერ ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლის თავიდან აცილებისთვის ბლოკთან თანამშრომლობა გააგრძელოს.
როგორც ამას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გაფართოების დასკვნის ანგარიშში ვკითხულობთ, აღნიშნული შემზღუდველი ზომები უმთავრესი პრიორიტეტია რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში.
"საბჭო კვლავ აქვს მტკიცე მოლოდინი, რომ საქართველო გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) სრული თანხვედრის მიმართებით, კერძოდ, თანხვედრით რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან, რომელიც მიღებულია როგორც უმთავრესი პრიორიტეტი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესიული ომის კონტექსტში. საბჭო ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, ევროკავშირის შემზღუდავი ზომების გვერდის ავლის თავიდან აცილებაში თანამშრომლობა გააგრძელოს", - ვკითხულობთ ანგარიშში.
დასკვნის ანგარიშში ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები დააკმაყოფილოს.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საბჭო კვლავ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მომავლისკენ სწრაფვის მიმართ.
ევროკავშირის საბჭო საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, დემოკრატიულ უკუსვლასა და "ქართული ოცნების" მთავრობის ანტიდასავლურ რიტორიკაზეც წერს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ "ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა".
EU საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს




























