ევროკავშირის მიერ გამართული ვიდეო კონფერენციის დროს ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ლიდერებმა და ორგანიზაციებმა COVID-19-ის ვაქცინის შემუშავებისა და მკურნალობისთვის მთლიანობაში რვა მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა გამოყვეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, ვიდეო კონფერენციაში 40-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა და როგორც ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, საფუძველი ჩაეყარა უპრეცედენტოდ მასშტაბურ თანამშრომლობას, რომელიც ერთიანობის და ჰუმანურობის გამოვლინებაა.
აღსანიშნავია, რომ დონორებს შორის იყო მსოფლიოში ცნობილი პოპ მომღერალი მადონა, რომელმაც 1 მილიონი ევრო გაიღო.
ევროკომისიამ 1 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო ვაქცინის შემუშავების დასაფინასებლად, ნორვეგიამაც 1 მილიარდი აშშ დოლარი გაიღო, ხოლო საფრანგეთმა, საუდის არაბეთმა და გერმანიამ - 500-500 მილიონი ევრო. რაც შეეხება იაპონიას, მან 800 მილიონ აშშ დოლარზე მეტი თანხა გამოყო.
ქვეყნების მიზანია, შეაგროვონ საკმარისი ფინანსური რესურსი, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოახერხონ ეფექტიანი ვაქცინის შემუშავება, მისი სამართლიანად დისტრიბუცია ყველა ქვეყანაში და, ასევე, სამკურნალო პროცედურების უზრუნველყოფა. მსგავსი შეხვედრები მომავალშიც არის დაგეგმილი.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოზიდული თანხიდან 4.4 მილიარდი აშშ დოლარი ვაქცინის განვითარებაზე დაიხარჯება, 2 მილიარდი აშშ დოლარი - მკურნალობაზე, ხოლო 1.6 მილიარდი აშშ დოლარი - ტესტების შემუშავებაზე.
აღსანიშნავია, რომ ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობა აშშ-ს და რუსეთს არ მიუღია.