მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU, მთავრობა, ინვესტორები-რისკების დაზღვევის რა მექანიზმი შესთავაზა კონსორციუმმა ხელისუფლებას?

5db95f547749c
თელარა გელანტია
30.10.19 14:00
1026
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახლვედიანის განცხადებით, საფინანსო ინსტიტუტებისგან ტვირთბრუნვის გარანტიის დაზღვევის მოთხოვნა არასწორად იქნა აღქმული.

ამის შესახებ ახვლედიანმა პარლამენტში საჯარო ფორმატში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ანაკლიის პორტის პროექტის პოტენციალზე, არსებულ ვითარებასა და გამოსავლის გზებზე პრეზენტაცია გამართა.

კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ჩიხიდან გამოსასვლელად საჭირო სამი ფაქტორი გამოყო. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ბანკების მხრიდან ტვირთბრუნვის რისკებთან დაკავშირებით დაყენებულ მოთხოვნას ეხება.

„არასწორად არის დახასიათებული ტვირთბრუნვის გარანტიის დაზღვევის მოთხოვნა ბანკებისგან. ეს არ არის გარანტია, ეს არ არის დაზღვევა. აქ არის საუბარი ბანკების მიერ სესხის გადახდის ნაწილობრივ გარანტიაზე ანუ ეს არის დამატებითი ფონდი, რომელიც უნდა შეიქმნას. ეს არანაირად არ ემსახურება ანაკლიის ინვესტორების (კაპიტალში) კომერციული რისკის დაზღვევას. ეს მოთხოვნა მხოლოდ მიმართულია ბანკების სესხების ნაწილობრივ დასაფარად თუ ეს საჭიროება დადგება.

ჩვენ მთავრობას ზაფხულში დაბალანსებული, სამართლიანი ალტერნატივით მივმართეთ, როგორ შეიძლებოდა ეს პრობლემა მოგვარებულიყო. შევთავაზეთ 150-მლნ დოლარიანი მექანიზმი, რომელშიც მონაწილეობას კონსორციუმის არსებული თუ ახალი ინვესტორები 50-50 მლნ-ით მიიღებდნენ; დამატებით ევროკავშირმა მზადყოფნა გამოთქვა, ასევე 50 მლნ დოლარის ოდენობით მონაწილეობაზე ამ მექანიზმში. ამ ვითარებაში ევროკავშირის წინაპირობა იყო, რომ მთავრობასაც 50 მლნ დოლარის ინვესტიციით მონაწილეობა მიეღო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს თანხა ათვისებული საერთოდ არ იქნება იმ დადებითი პროგნოზებიდან გამომდინარე, რომელიც განახეთ, მაგრამ რომც იყოს ათვისებული ეს თანხები, პროექტს სესხად დაერიცხება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში გასტუმრებული იქნება და ინვესტორები ვერცერთ დივიდენდს ვერ დაირიგებდნენ, სანამ ეს თანხა იქნება ათვისებული“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

კონსორციუმის გენერალურ დირექტორს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად როგორი იყო მთავრობის პოზიცია ამ შეთავაზებაზე, მაგრამ შედეგების მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის აღნიშნული მექანიზმი მისაღები არ იყო.

ამასთან, ლევან ახვლედიანის აზრით, ანაკლიის პორტის პროექტზე მხარეებს შორის შეთანხმების თაობაზე წლის ბოლომდე ვადების დადგენა არაადეკვატურია.

ცნობისთვის: როგორც რამდენიმე დღის წინ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა თქვა, შუალედური ვალდებულებების 2019 წლის 31 დეკემბრამდე წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო "ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან" დადებულ ხელშეკრულებას გაწყვეტს.

„მე კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ ეს ჩვენი მოთხოვნები არაა. ეს არის წაყენებული ბანკების, ინვესტორების მიერ და არის წაყენებული ოპერატორის მიერ. მინიმუმ ხომ უნდა დავიბაროთ ეს ხალხი, გავმართოთ სამუშაო შეხვედრა მათთან. ორი თვის მანძილზე, ჩემი აზრით, კონკრეტული შეთანხმების მიღწევა რეალისტურია. დაწყება და რეალური პროგრესის მიღწევა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ვფიქრობ, ამისკენ უნდა იყოს მიმართული ყველა რეტორიკა. იმის თქმა, რომ ეს ბოლო შანსია და ორი თვის თავზე მორჩა, გათავდა, ეს არასერიოზულია. ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შესაძლებლობა გვაქვს ეს პროექტი ძალიან იოლად, მარტივი სამი საკითხის გადაწყვეტით გავიყვანოთ ბოლოში და წარმატებით განვახორციელოთ ის", - ამბობს ლევან ახვლედიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები