მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU "ოცნებას" დეესკალაციისა და ძალადობის დასრულებისკენ მოუწოდებს - განცხადება

ანიტა ჰიპერი

ევროკავშირი მოითხოვს, შეწყდეს საქართველოში ფართოდ გავრცელებული დაშინება, პოლიტიკური დევნა, წამება და მოქალაქეების არასათანადო მოპყრობა. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს შეეხება.

ის აღნიშნავს, რომ თითქმის ორი კვირაა, ქართველი ხალხი იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს და გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებისას ხვდება სასტიკ და უკანონო ძალადობას პოლიციის მხრიდან. გრძელდება აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის ლიდერების თვითნებური დაკავება, მედიის წარმომადგენლები კი არიან სამიზნე სამართალდამცავი ორგანოების და არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფებისთვის.

"დააკავეს 400-ზე მეტი ადამიანი და გავრცელებული ინფორმაციით, 300-ზე მეტმა განიცადა ძალადობა და არასათანადო მოპყრობა, ბევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის შემაშფოთებელი ცნობები მიუთითებს მძიმე და განზრახ ძალადობაზე, რაც იწვევს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე სარწმუნო შეშფოთებას. მიუხედავად ამ ცნობებისა, ამ დრომდე არცერთი პოლიციელი ან არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფების წევრები არ არიან მიცემული პასუხისგებაში.

ევროკავშირი გმობს ამ რეპრესიულ ქმედებებს მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ და მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა დაკავებული პირი. ევროკავშირი მოითხოვს შეწყდეს ფართოდ გავრცელებული დაშინება, პოლიტიკური დევნა, წამება და მოქალაქეების არასათანადო მოპყრობა. ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება, დაცული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად",- წერია განცხადებაში.

ანიტა ჰიპერი აღნიშნავს, რომ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდება სარწმუნოდ უნდა იყოს გამოძიებული. ის მოუწოდებს ადგილობრივ, საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს, გააგრძელონ საქართველოში ადამიანის უფლებების ფართოდ გავრცელებული დარღვევების დოკუმენტირება.

"მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას" დეესკალაციისკენ და იმ გარემოს დასრულებისკენ, რომელიც მძიმე ფასად უჯდება ქართველ ხალხს. ძალადობა არ არის პასუხი საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის შესახებ დემონსტრანტების მოთხოვნებზე",- ნათქვამია განცხადებაში.

პრესსპიკერი აცხადებს, რომ დამატებით საპასუხო ზომებზე მსჯელობა 16 დეკემბერს იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მოქმედების კურსმა გამოიწვია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება. მუდმივ დემოკრატიულ უკუსვლას და საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებულ ბოლოდროინდელ რეპრესიულ ზომებს აქვს შედეგები ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. ევროკავშირი დამატებით ზომებს განიხილავს მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოზე 16 დეკემბერს.

ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს.",- აღნიშნულია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები